ახალი ამბები

იურისტის ცნობით, ციანიდის საქმეზე სინოდის 2 წევრი და პატრიარქის ყოფილი მდივანი დაკითხეს

24 მარტი, 2017 • 2519
იურისტის ცნობით, ციანიდის საქმეზე სინოდის 2 წევრი და პატრიარქის ყოფილი მდივანი დაკითხეს

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ცნობით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ეპისკოპოსები- თეოდორე და იაკობი, პატრიარქის ყოფილი მდივანი მიქაელ ბოტკოველი და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული დაკითხა.

ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ პროკურატურა დაინტერესდა, რა შემხებლობა ჰქონდათ მათ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან.

დეტალურად: ყველა ამბავი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე

“მე კონკრეტულად არ ვესწრებოდი და არ ვიცი, მაგრამ საინტერესო საკითხებზე, რა შემხებლობა ჰქონდათ მამა გიორგი მამალაძესთსან და რა იციან. მამა დავით ჭინჭარაული და მეუფე იაკობი გერმანიაში იმყოფებოდნენ, ეს ცნობილი ფაქტია. კონკრეტულად ვერ გეტყვი,” – განუცხადა ნეტგაზეთს ედიშერ ქარჩავამ.

ჩვენს კითხვაზე, კიდევ ხომ არ გეგმავს პროკურატურა საპატრიარქოდან სხვა პირების დაკითხვას, ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ კონკრეტულად ჯერ არავინ დაუბარებიათ.

“შესაძლებელია [გეგმავდეს], იმიტომ, რომ თუ გაუჩნდებათ შეკითხვა, შესაძლებელია. სინოდის წევრები მზად არიან, პროკურატურას მისცენ ჩვენება, გამოძიებას, თუ გამოიძახებენ”, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მთავარმა პროკურატურამ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვლი დაკითხა და დაზარალებულად ცნო.

დეტალურად: რა ვიცით ბრალდებული 32 წლის დეკანოზის შესახებ

დაცვის მხარის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ითხოვენ, რომ სინოდის 16 წევრი დაკითხონ.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. “ციანიდის საქმეზე” მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პარტრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი