ახალი ამბები

ირმა ინაშვილი: ცუდია, რომ ჩვენ გვყავს მაძღარი მინისტრები და მშიერი მოსახლეობა

23 მარტი, 2017 • 1538
ირმა ინაშვილი: ცუდია, რომ ჩვენ გვყავს მაძღარი მინისტრები და მშიერი მოსახლეობა

“ცუდია, რომ ჩვენ გვყავს მაძღარი მინისტრები და მშიერი მოსახლეობა,” – ეს განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა, ირმა ინაშვილმა ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენების იდეის კომენტირებისას გააკეთა.

პარლამენტის ვიცესპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რომელიღაც მწვერვალზე არის და სრულიად მოწყვეტილია იმ რეალობას და იმ დაბლობს, რასაც ხალხი ჰქვია:

“დღევანდელ სოციალური სიდუხჭირის პირობებში, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ღარიბია და 90 პროცენტი არის გაჭირვებული, ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია რაღაც მშენელობები,  სამთავრობო და სამპარლამენტო კომფორტისთვის  კომპლექსების შექმნა. დღეს ყოველი თეთრი უნდა დაიხარჯოს ჩვენი თანამოქალაქეების ფიზიკურ გადარჩენაზე. ცუდია, რომ ჩვენ გვყავს მაძღარი მინისტრები და მშიერი მოსახლეობა,” – განაცხადა ინაშვილმა და აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის შემოსავლების კუთხით ასეთი უკიდეგანო უფრსკული ჩნდება, პროცესი სოციალურ და პოლიტკურ აფეთქებამდე მიდის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის 23 მარტის სხდომაზე განაცხადა, რომ “ორთაჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთავრობო ქალაქი აშენდება”.

პრემიერის თქმით, ეს იქნება ერთიანი სამთავრობო სივრცე, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება. მისივე განცხადებით, ეს პროექტი მმართველობის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უკვე შენდება ერთიანი მომსახურების ოფისი – ბიზნესსახლი, თუმცა, მომსახურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთავრობო ქალაქის მოცულობითი პროექტი განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი