ახალი ამბები

GPB პოლიტიკურ და საგამოძიებო გადაცემებზე კონკურსს არ გამოაცხადებს

23 მარტი, 2017 • 2887
GPB პოლიტიკურ და საგამოძიებო გადაცემებზე კონკურსს არ გამოაცხადებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ახალი სეზონისთვის შესარჩევი კონკურსი პოლიტიკურ და საგამოძიებო პროგრამებზე არ გამოცხადდება.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრ ქეთევან მსხილაძის თქმით, დოკუმენტის მიხედვით, რომელიც არხის მენეჯმენტმა ბორდს გაუგზავნა,  პირველ არხზე  მხოლოდ ერთი პოლიტიკური თოქ-შოუ რჩება.  გაურკვეველია, ახალი სეზონიდან დარჩება თუ არა არხზე გადაცემა  “ვექტორი”, სალომე ასათიანის “ინტერვიუ” და სხვა პოლიტიკური გადაცემები.

საზოგადოებრივ მაუწყებელის სამეურვე საბჭომ 7 მარტს მხარი დაუჭირა მენეჯმენტის მიერ წარდგენილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც არსებული გადაცემები მაუწყებლის ეთერში მხოლოდ  2017 წლის 17 ივლისამდე დარჩება, სექტემბრიდან კი ახალ სეზონს მაუწყებელი განახლებული საეთერო ბადით გააგრძელებს.

ახალ გადაცემებზე მაუწყებელი კონკურსს უახლოეს ხანში გამოაცხადებს, თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” GPB -ს სტრატეგიული განვითარების ცენტრის ექსპერტმა ია ანთაძემ უთხრა, პოლიტიკურ თოქ-შოუებზე და საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე კონკურსი არ გამოცხადდება:

“საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხში არის ორი ბლოკი. ერთი, ეს  არის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი და მეორე არის მედიაწარმოების ბლოკი.  როგორც წესი, ყველა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი  ამ პირველი ბლოკის გადაცემებს, რაც არის ახალი და მიმდინარე ამბები, იღებს საკუთარ თავზე, განსაკუთრებით-  პოლიტიკურ გადაცემას.  იმიტომ, რომ  ეს არის ძირითადი ფუნქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომ მიაწოდოს ინფორმაცია ახალი და მიმდინარე  ამბების შესახებ საზოგადოებას და ამიტომ ის ამ  ფუნქციას ყოველთვის იღებს თავის თავზე და ყოველთვის შიდა რესურსით აკეთებს იმ გადაცემებს, რომელზეც მოდის  ძირითადი ტვირთი ამ ახალი და მიმდინარე ამბების მიწოდების”, – ამბობს ანთაძე.

ხოლო რაც შეეხება, საგამოძიებო ჟურნალისტიკას,  ანთაძე ამბობს, რომ ასეთი ტიპის გადაცემები მაუწყებელმა გარე სტუდიებისგან უნდა შეიძინოს. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ შემთხვევაში შეძენა ტენდერის გზით უნდა მოხდეს, სადაც არა ხარისხიანი პროდუქცია, არამედ იაფი პროდუქტი გაიმარჯვებს:

“სტუდიებისთვის არის მისაღები იმ ტიპის  კონკურსი, როდესაც მათ გარეთ, თვითონ შეუძლიათ მოამზადონ პროდუქტი გამარჯვების შემთხვევაში და შემოიტანონ მომზადებული გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამ ტიპის კონკურსს ჯერჯერობით ვერ ვაცხადებთ იმიტომ, რომ ველოდებით საკანონმდებლო ცვლილებებს. ამჯერად გარე სტუდიებს შეგვიძლია მხოლოდ ტენდერი შევთავაზოთ. ამიტომ პარლამენტთან გვაქვს  სერიოზული მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ კანონი შევცვალოთ და მივიღოთ იმის საშუალება, რომ ინტელექტუალური  პროდუქტი შევიძინოთ არა ფასის, არამედ ხარისხით, ” – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველი.

მისი თქმით, სამომავლოდ, თუ კანონი შეიცვლება, შესაძლებელი გახდება, სხვა ტიპის გადაცემებიც მაუწყებელმა გარე სტუდიებისგან შეიძინოს:

“მხოლოდ ამის  შემდეგ შევძლებთ, რომ ჩვენი ეთერები გავხსნათ გარე სტუდიებისთვის, იქნება ეს სტუდია, რომელიც მოამზადებს გასართობ გადაცემას, ან სოციალურს, ან საგამოძიებოს ან სხვას. ჯერჯერობით ვთავაზობთ იმ ჯგუფებს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ შემოვიდნენ ტელევიზიაში და აქ მოამზადონ ეს გადაცემები”, – ამბობს ანთაძე.

რაც შეეხება სხვა გადაცემებს, მათ შორის სოციალური თემატიკის გადაცემებსაც, ყველა მათგანი კონკურსის წესით შეირჩევა. ია ანთაძის თქმით, GPB-ს აღმასრულებელმა საბჭომ გუშინ ღამით სამეურვეო საბჭოს  45-გვერდიანი დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც განმარტებულია არხის საეთერო პოლიტიკა ახალ სეზონზე.

დოკუმენტში აღწერილია ის მიმართულებები, რომლებზეც კონკურსი უნდა გამოცხადდეს. თუმცა ამ ეტაპზე ია ანთაძე ამ მიმართულების ჩამოთვლისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მენეჯმენტი სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრას გეგმავს და მას შემდეგ, რაც პოზიციები შეჯერდება, დოკუმენტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება:

“გუშინ გადავგზავნეთ და პარასკევს, ალბათ, ან ორშაბათს გვექნება  მათთან შეხვედრა და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც შევთანხმდებით, რომ დიახ, ეს მიმართულებები არის გაზიარებული სამეურვეო საბჭოს მიერ,  ამ დოკუმენტს გამოვაქვეყნებთ და შეგვიძლია, რომ შემდეგ უკვე საზოგადოებაც ჩავრთოთ განხილვაში. ამიტომ დაველოდოთ კიდევ რამდენიმე დღე. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ყველა ძირითადი მიმართულება, რომელიც განსაზღვრულია როგორც კანონით, ასევე ბორდის მიერ ჩამოყალიბებული პრიორიტეტებით, არის ასახული თავიდან ბოლომდე” – ამბობს ია ანთაძე.

მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი მონახაზი არ მოსწონს სამეურვეო საბჭოს წევრ ქეთევან მსხილაძეს. მისი თქმით, გაგზავნილ გეგმაში არ ჩანს ისეთი გადაცემები, როგორიცაა “ვექტორი” და სალომე ასათიანის “ინტერვიუ”.

“არ მომწონს იმიტომ, რომ ამ შემოტანილ ჩამონათვალში  არ არის, მაგალითად, ისეთი გადაცემები, რომლებიც მე მიმაჩნია, რომ უნდა იყოს და კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. მაგალითად, ვალდებულება არის კანონით, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელი უნდა შეუწყოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და მის პოპულარიზაციას. ასეთი გადაცემა, ახლა რომელიც გადის, არის “ვექტორი”.  წარმოდგენილ დოკუმენტში ვერ ვხედავ ამ გადაცემას  სექტემბრიდან.  არ ვიცი, ამას თუ ჩაანაცვლებენ, რადგან ჩვენ ასეთი მსჯელობა ჯერ მენეჯმენტთან არ გვქონია” – ამბობს მსხილაძე.

მისი თქმით, დოკუმენტის მიხედვით, არხზე, სავარაუდოდ, გადაცემების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. მათ შორის, რჩება ერთი პოლიტიკური თოქ-შოუ, როცა მანამდე პირველ არხს რამდენიმე ჰქონდა:

“პოლიტიკური თოქ-შოუ ერთი რჩება ყოველდღიური ამ შემოთავაზებულით გეგმით. ამ დროს, ჩვენ რამდენიმე თოქ-შოუ გვქონდა. მაგალითად, სალომე ასათიანის თოქ-შოუ არ ჩანს, არ ვიცი. ერთი რჩება მხოლოდ, ეს ერთი იქნება ტელევიზიის და ალბათ ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, ასათიანის ჰარდთოქი აღარ იქნება იმიტომ, რომ ეს არ არის ტელევიზიის, ეს იყო ერთობლივი თოქ-შოუ. მოკლედ, საკმაოდ მცირდება გადაცემები”, – ამბობს სამეურვეო საბჭოს წევრი.

იმ ფაქტს, რომ გეგმის მიხედვით, პირველ არხზე ერთი პოლიტიკური თოქ-შოუს დატოვება იგეგმება, ია ანთაძეც ადასტურებს. მისი თქმით, ახალი სეზონიდან არხზე შესაძლოა სრულიად ახალი პოლიტიკური თოქ-შოუ გავიდეს და ეს არ იქნება რომელიმე მათგანი, რაც ამჟამად არხზე გადის:

“როცა პოლიტიკურ თოქ-შოუზეა საუბარი, არ არის საუბარი ერთ-ერთზე იმათგან, რაც გადის. აქ საუბარია ახალზე, რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ერთი იქნება. ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუმცა ეს არ გულისხმობს საარჩევნო პერიოდს იმიტომ, რომ საარჩევნო პერიოდი შეიძლება სხვანაირად იყოს” – ამბობს ანთაძე.

კითხვაზე, შესაძლებელი იქნება თუ არა, რომ არხზე პოლიტიკურ თოქ-შოუდ დარჩეს კოპროდუქციული ნაწარმი, როგორიც, მაგალითად, სალომე ასათიანის “ინტერვიუა” და არ არის მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქტი, ანთაძე პასუხობს- თუ რა გადაცემა იქნება, ამას  ახალი ამბების და მიმდინარე მოვლენების ბლოკი გადაწყვეტს და ამ მომენტისთვის ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

ქეთევან მსხილაძის თქმით, ამ ეტაპზე გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია, რადგან ბორდი მენეჯმენტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შეხვდება და პოზიციებს შეაჯერებენ. თუმცა მსხილაძე ვარაუდობს, რომ მენეჯმენტი არხზე გადაცემების რაოდენობის შემცირებას გეგმავს და, საერთო ჯამში, 15 გადაცემის დატოვება იგეგმება:

“ჩემი აზრით, იქნება იგივე, რაც მეორე ვარიანტი იყო, მეორე სამოქმედო გეგმა რომ შემოიტანა მენეჯმენტმა. იგივე გადაცემები კი არა, რაც იქ იყო, მაგრამ რაოდენობრივად, მე როგორც ვატყობ, იმდენივე გადაცემაზეა საუბარი, როგორც იყო მეორე სამოქმედო გეგმაში. დაახლოებით 15 იქნება ალბათ, ჯამში, მთლიანად. თუმცა მკაფიოდ და გადაჭრით ვერაფერს გეტყვით ჯერჯერობით, რადგან ახლა ვართ მსჯელობის ეტაპზე” – ამბობს ქეთევან მსხილაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი