ნარკოტიკული დანაშაულისთვის ბრადებულები – ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და როსტოშვილს 8 წლით, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, MDMA-ის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ლაშა კურტანიძე და ლევან როსტოშვილი 6 მაისს დააკავეს.
ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ივლისში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 5 მაისს, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ხოლო დიდი ოდენობით ლაშა კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოც ცნობით, ღია სასამართლო სხდომებზე ბრალდებულებმა დუმილის უფლებით ისარგებლეს.
“სასამართლომ, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ლევან რ. და ლაშა კ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისათვის წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. ლევან რ. დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისათვის და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრალდებულ ლაშა კ.-ს, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა / შენახვის მუხლი, გადაკვალიფიცირდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვის ბრალდებაზე, შედეგად სასამართლომ ლაშა კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,”- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სასამართლოს ეს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.