თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
შუამდგომლობის თანახმად, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომში მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 42,9524 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა. გამოძიების ინფორმაციით, ლაშა კურტანიძემ ასევე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0857 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა.
“ღია სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი, ჯგუფური, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებების შესაძლო ჩადენა. ამასთან, ბრალდებულ ლ.რ-ს ნარკოლოგიური გამოკვლევის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი. ბრალად შერაცხული ქმედების, ხასიათის, სპეციფიკის და გავრცელებულობის გათვალისწინებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები და გარკვეული რისკები,” – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე სასამართლომ მიიჩნია, რომ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოსთვის თავის არიდების საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალად შერაცხული ქმედებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე და მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთას.
სასამართლოს განცხადებით, წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებულებს აქვთ გარკვეული კავშირები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათ არაერთხელ გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი.