ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის განცხადებით, შეხვედრის სასაუბრო თემა ბოლო 3 თვის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობასა და ზოგად ტენდენციებს შეეხებოდა:
“ჩვენ ვესაუბრეთ რელიგიური უმცირესობების პრობლმატიკაზე, შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მუსლიმებისადმი განხორციელებული თავდასხმები და შეუწყნარებლობა, ვისაუბრეთ მოგვარების გზებზე, ასევე ვისაუბრეთ ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების პრობლემატიკაზე”.
მინდიაშვილის თქმით, ძლიერი პოზიციის გამოხატვა მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მოქმედების ხასიათიდან გამომდინარე:
“ჩვენი შეფასებით ტენდენცია არის საკმაოდ საგანგაშო, ვინაიდან თუკი წინა ხელისუფლების პერიოდში რელიგიური უმცირესობებს და რელიგიის თავისუფლების დამცველებს შეგვეძლო გვესაუბრა საკანონმდებლო დისკრიმინაციის და საგადასახადო დიკრიმინაციის აღმოფხვრაზე, დაგვეწყო მუშაობა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების შესახებ, ახლა გვიწევს ხელახლა ყველაფრის დაწყება. ჩვენ ფაქტობრივად დავბრუნდით 10 წლის წინ, როდესაც ელემენტარული უფლებები არ იყო გარანტირებული რელიგიური უმცირესობებისთვის და ლოცვის უფლებაზე გვიწევს მუშაობა მთავრობასთან”. – განაცხადა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა.
შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 12 დეკემბერს, ამერიკის საელჩოში შედგა, აშშ–ის მხარის წარმომადგენლები ძირითადად კითხვებს სვამდნენ და პასუხებს ისმენდნენ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰილარი კლინტონის მოადგილემ კომენტარი მედიისთვისაც გააკეთა. თომას მელიამ ხუთწუთიან გამოსვლაში ყველაზე ვრცლად სწორედ უმცირესობის უფლებებზე ისაუბრა:
“მსურს შევეხო ერთ საკითხს, რომელიც სხვადასხვა განხილულ თემათა შორის ერთ–ერთი იყო სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრისას, ეს საკითხი გახლავთ ტოლერანტობა მრავალფეროვნებისადმი თანამედროვე, დემოკრატიულ საზოგადოებაში. ყველამ ვიცით, რომ იყო ინციდენტები, ძალადობაც კი, რომელიც ეხებოდა რელიგიურ და სხვა უმცირესობებს. ჩვენ პოზიტიურად აღვნიშნეთ განცხადება, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააკეთა გუშინ და რომელიც ეხებოდა ქართულ ტრადიაციას,– შემწყნარებლობით მიიღოს მრავალფეროვნება, ძალიან იმედისმომცემი განცხადებაა და ჩვენ იმედი გვაქვს, ყველა ლიდერი გაითვალისწინებს მას და მსგავსი სულისკვეთებით იქნება”
მელიას თქმით, წარმატებული დემოკრატიისთვის ფუნდამენტური ჭეშმარიტებაა, რომ არა მხოლოდ უმრავლესობა წყვეტს, ვინ მართავს ან როგორი კანონები იქნება, ასევე გათვალისწინებულია უმცირესობის მოსაზრება:
“აშშ, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობს, ადამიანის უფლებებს აღვიქვამთ, როგორც ინკლუზიურ პროცესს, სადაც გათვალისწინებულია ნებისმიერი უმცირესობის აზრი და უფლებები, იქნება ეს ელჯიბითი საზოგადოების წარმომადგენელი, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობა. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესის გზაზე იქნება ინკლუზიური დემოკრატია”–განაცხადა მელიამ.
გარდა ადამიანის უფლებისა, შეხვედრისას ერთ–ერთ სასაუბრო თემას წარმოადგნდა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებების დემოკრატიულად წარმართვა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტია ყველა პირისათვის.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აშშ–ის დელეგაციასთან ასევე განიხილეს საკითხი, რომელიც გამოძიებების შესახებ სახელმწიფო ხედვას უკავშირდება:
“თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ადამიანები სხვადასხვა დარღვევებში მასობრივად იყვნენ ჩართული, დგება ასობით და ათასობით ადამიანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა., აქ სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს გარკვეული ხედვა, უნდა ვიცოდეთ, აპირებს ხელისუფლება ყველა პირის დაკავებას, თუ არსებობს გარკვეული ზღვარი, რაღაც კატეგორია ქმედებებისა და დანაშაულებების, რომელსაც ის ბოლომდე მიჰყვება და რომელშიც გამოკვეთილ პირებს იგი დააკისრებს პასუხისმგებლობას და გარკვეულ დანაშაულში ჩართულ ადამიანებს ის გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. სახელმწიფომ ცხადად უნდა გაგვაგებინოს ჩვენც და საერთაშორისო საზოგადოებას, როგორია მისი მიდგომა”
ჩუგოშვილის თქმით, სახელმწიფოს ასეთი ხედვა არ აქვს და იმ მოცემულობაში, როდესაც ათასობით საჩივარი და მოთხოვნა არსებობს გამოძიებებზე, სახელმწიფოს ამ ტიპის ხედვა უნდა გააჩნდეს.
“საერთაშორის გამჭვირვალობა–საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, აშშ–ის დელეგაციას პლურალისტული მედიაგარემოს აუცილებლობაზე ესაუბრნენ. გარდა მედიისა, დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას საარჩევნო რეფორმის გაგრძელებასა და ყოფილი ხელისუფლების მიღწევების შენარჩუნების აუცილებლობას გაესვა ხაზი.