ახალი ამბები

თამარ ალანიას სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობა სურს

22 მარტი, 2017 • 2740
თამარ ალანიას სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობა სურს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, თამარ ალანიას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობა სურს.

მან დღეს, 22 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ შეიტანა შესაბამისი განაცხადი ქვეყნის შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

“მე  რომ არ ვაფასებდე ჩემს შესაძლებლობებს და იმ შანსებს, რომელიც მე გამაჩნია, ცხადია, ჩემს კანდიდატურას არ დავაყენებდი,”- განაცხადა თამარ ალანიამ.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ მიიჩნევს, რომ შანსები აქვს:

“მე გახლავართ მოქმედი მოსამართლე, რომელსაც გააჩნია 11-წლიანი გამოცდილება. ყველაზე მნიშვნელოვანი, მე მაქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იურისტად მუშაობის გამოცდილება. მე გავიარე სპეციალური კონკურსი, რომელიც ჩაატარა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, მაიკლ ო’ბოილის ხელმძღვანელობით, იქ გავიმარჯვე და 6 თვის მანძილზე ვიყავი მივლინებული სტრასბურგის სასამართლოში სამუშაოდ. ამიტომ ჩემი ეს გამოცდილება მაძლევს იმის უფლებას, რომ განვაცხადო პრეტენზია აღნიშნულ თანამდებობაზე,”- განაცხადა თამარ ალანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თამარ ალანია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 22.03.2017

თამარ ალანია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 22.03.2017

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი 2017 წლის იანვარში უნდა აერჩია, თუმცა კანდიდატთა სია ჩავარდა. საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართა.

ამჟამად იუსტიციის სამინისტროს გამოცხადებული აქვს შიდა შესარჩევი კონკურსი. კონკურსანტებს შეუძლიათ განაცხადი 13 აპრილამდე შეიტანონ. სპეციალური კომისია, შემდეგ კი მთავრობა, შემოსული აპლიკანტებიდან სამ კანდიდატს ამოარჩევს და ევროპის საბჭოს კომიტეტს წარუდგენს. საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭოს პლენარულ სესიაზე მიიღება. ვიდრე ახალ მოსამართლეს არ აირჩევენ, საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლე ნინა წოწორია აგრძელებს საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი