ნოვრუზობას, ანუ ახალ წელს, საქართველოში არა მარტო ეთნიკური აზერბაიჯანელები, არამედ ირანელებიც ზეიმობენ. საქართველოში ნოვრუზობის აღსანიშნავად ირანიდან ტურისტები ჩამოვიდნენ.
თბილისის საკონცერტო დარბაზში 23 და 28 მარტს ირანული პოპმუსიკის მომღერლების კონცერტები გაიმართება. მათ კონცერტებზე დასასწრებად ირანიდან თბილისში ჩამოვიდნენ, რადგან ირანში პოპმუსიკა აკრძალულია.
20 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ საქართველოში სტუმრად მყოფი და აქ მცხოვრები ირანელები შეიკრიბნენ და ნოვრუზობა იზეიმეს, რომელიც 21 მარტს დადგა.
საქართველოში მცხოვრები ირანელი აფში, რომელსაც კომპანია Sky7 აქვს დაფუძნებული, თბილისის საკონცერტო დარბაზში ლეილა ფარუჰარისა და მოენის კონცერტების ორგანიზატორია.
აფშის თქმით, რადგანაც ირანში მუსიკა აკრძალულია და იქ სხვაგვარად აღნიშნავენ ნოვრუზობას, ყოველ წელს ირანის საზღვრებს გარეთ იმართება კონცერტები.
[blue_box]რატომ თბილისში?[/blue_box]
– აფში ამბობს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
[checklist]
- საქართველო ახლოსაა და აქვს უვიზო რეჟიმი ირანთან
- საქართველო ჯერჯერობით ტურისტულად უცნობი ქვეყანაა
- საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა
- თბილისში ცხოვრობენ ირანელები
- საქართველო იაფი ქვეყანაა
[/checklist]
აფში ამბობს, რომ აქამდე ისინი ნოვრუზობასთან დაკავშირებულ კონცერტებს თურქეთში ატარებდნენ, თუმცა ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული თავდასხმების გამო თურქეთი აღარაა უსაფრთხო ქვეყანა.
“გვინდოდა გაგკვეთებინა ისეთი ღონისძიებები, რომლითაც ხალხს გავახარებდით, კონცერტი კი ერთ-ერთი შესაძლებლობაა”, – ამბობს აფში.
საქართველოში ნოვრუზობის აღნიშვნას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. მას ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები აღნიშნავენ.
2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა.
დღესასწაული კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს. მიჩნეულია, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ბუნება გამოფხიზლებას და გამოცოცხლებას იწყებს. 2010 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 მარტი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.