ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალებს” ორი დეპუტატი – ნოე კუხიანიძე და ვიტალი ბოჭორიშვილი დაუბრუნდა. 

 

“მაშინ მივიღე ემოციური ფონის ზეგავლენის ქვეშ გადაწყვეტილება, ციხის ამბები რომ იყო ტელევიზორში ნაჩვენები, იმან იმოქმედა ძალიან და გამოვედი. დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყავი და მერე წყნარ და მშვიდ გარემოში რომ ვიმსჯელე, ჩემი ადგილი ფრაქციაში ვიგულისხმე და დავბრუნდი უკან,” – აცხადებს ვიტალი ბოჭორიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

“საკრებულოში მიმდინარე აზრთა სხვადასხვაობის გამო რიგმა დეპუტატებმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს. შემდეგ საქართველოში განვითარებულმა  არსასიამოვნო  და არასახარბიელო პოლიტიკური სიტუაციების გამო და, აგრეთვე, თვითმმართველობის უფრო მეტად აქტიურად მართვის მიზნით დეპუტატებმა ნოე კუხიანიძემ და ვიტალი ბოჭორიშვილმა მშვიდ და წყნარ გარემოში მიიღეს გადაწყვეტიელება და განცხადებით მომართეს ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გაწევრიანების თაობაზე. ფრაქციამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მათი განცხადება დააკმაყოფილა”, – ამბობს ფრაქცია “ნაციონალების” ხელმძღვანელი კახა ნემსიწვერიძე.

 

კაკო სიხარულიძე ერთ–ერთია იმ ხუთი დეპუტატიდან, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია დატოვეს. მისი თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, კიდევ აპირებს თუ არა რომელიმე დეპუტატი უკან დაბრუნებას “ნაციონალების” ფრაქციაში:

 

“არ ვიცი მე, ვინ რას აპირებს. არასწორია, ვთქვათ, მიდიხარ და მოდიხარ, ასე არ უნდა მომხდარიყო, მე ასე ვთვლი. ყველას თავისი აზრი და მოსაზრება გააჩნია. მე დამოუკიდებელ დეპუტატად ვრჩები”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *