ახალი ამბები

სერგეენკო: ახალი დაზღვევა ე.წ. ხუთლარიანი დაზღვევისგან განსხვავებით წარმატებული იქნება

11 დეკემბერი, 2012 •
სერგეენკო: ახალი დაზღვევა ე.წ. ხუთლარიანი დაზღვევისგან განსხვავებით წარმატებული იქნება

როგორც სერგეენკომ განაცხადა, წინა პაკეტის პროექტში რამდენიმე შემაფერხებელი მომენტი არსებობდა:

“ძირითადი სხვაობები არის შემდეგი: პირველი- ორი წლის წინანდელი ე.წ. ხუთლარიანი დაზღვევა მოიცავდა თანაგადახდას, ეს იყო შემაკავებელი ფაქტორი. მეორე  – არ იყო ასე განვითარებული სადაზღვევო ინდუსტრია და მოსახლეობას კითხვები უჩნდებოდა. მესამე – თვითონ პაკეტის შემადგენლობა, ჩემი აზრით, არ იყო ოპტიმალური, მასში შედიოდა სამი მთავარი ფაქტორი, პირველადი ჯანდაცვაც, გადაუდებელი და გეგმიურიც. ახალ პაკეტში ეს არ შედის. ეს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები იყო, რაც პროგნოზული ანალიზით გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ ეს პროექტი იქნება წარმატებული”, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, ახალი დაზღვევა ამოცანის შესრულებაზე იქნება ორიენტირებული:

“ეს არის მინიმალური სადაზღვევო პაკეტი და არა ხუთლარიანი, გადახდილი იქნება იმდენი, რამდენიც დაჭირდება ამოცანის შესრულებას. ანუ პროგნოზირება ხდება არა ბიუჯეტზე დაფუძნებული, არამედ მიზანზე დაფუძნებული. შესაბამისად, ჩვენ არ ველოდებით რაიმე სერიოზულ შეფერხებას”, – აღნიშნა სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, ახალი სადაზღვევო პაკეტი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

1. პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სპეციალისტებთან ვიზიტი, რომელშიც შედის როგორც ოჯახის ექიმი, ასევე სამედიცინო სპეციალისტი და საბაზო სამედიცინო გამოკვლევები, როგორიცაა ელექტროკარდიოგრამა, სისხლის საერთო, შარდის და სხვა ანალიზები.

2. გადაუდებელი მდგომარეობების მართვა და სტაციონარულ მკურნალობას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, რომ მინიმალური სადაზღვევო პაკეტით სარგებლობას უკვე შემდეგი წლის 1 თებერვლიდან ყველა ის მოქალაქე შეძლებს, ვინც არანაირი ტიპის დაზღვევით არ სარგებლობს. იმისთვის, რომ სახელმწიფოს ქვეყნის დაუზღვეველი ნაწილი (რაც 2.2 მილიონ ადამიანს შეადგენს) ასეთი დაზღვევით უზრუნველეყო, პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან 350 მილიონი ლარი გამოიყო

მასალების გადაბეჭდვის წესი