მერია მარჯანიშვილის მეტროსთან გარემოვაჭრეებს დახლების გაშლის უფლებას აღარ მისცემს

დღეს, 19 მარტს, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე გარემოვაჭრეებს აღარ მისცა ვაჭრობის უფლება. მერია აცხადებს, რომ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას იწყებს.

“აღნიშნული ლოკაცია დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული და ხალხმრავალი ზონაა. პარალელურად, მერიის ზედამხედველობის სამსახური ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციების აღებას იწყებს”, – წერია მერიის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

მეტრო მარჯანიშვილი

მეტრო მარჯანიშვილი

მერია ამ გადაწყვტილების მიზეზად ასახელებს იმას, რომ გარევაჭრობა კანონსაწინაარდეგოა, ასევე ხელს უშლის მოქალაქეებსა და თბილისის სტუმრებს გადაადგილებაში, გარევაჭრობა იწვევს ანტისანიტარიას და დაუცველია მალფუჭებადი პროდუქტის უსაფრთხოება და იწვევს ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯებას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია და ამის თაობაზე არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, თუმცა გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, მათი მხრიდან აღნიშნული ქმედება ამ დრომდე არ აღკვეთილა, აცხადებს მერია.

მერიის დაპირებით, ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციაზეც განხორციელდება. უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება ცოტა ხნის წინ მეწარმეებს ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აღარ მიეცათ.

მარჯანიშვილის ქუჩა

თბილისის მერია აცხადებს, რომ იგი ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს. დედაქალაქის მთავრობა, ამ დროისათვის, მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზრობებმა შესაბამისი სავაჭრო დახლები უფასოდ შესთავაზონ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com