ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ზურაბ აბაშიძე რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელს ევროპაში შეხვდება

10 დეკემბერი, 2012 • 1116
ფანჯიკიძე: ზურაბ აბაშიძე რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელს ევროპაში შეხვდება

“ეს იქნება ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, მოხდება პოზიციების შეჯერება, შეიძლება კონკრეტულ შედეგს არ ველით, თუმცა ის ფაქტი, რომ პირველი შეხვედრა შედგება, უკვე არის დადებითი შედეგი,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის მხარე საქართველოს პრემიერ–მინისტრის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდება. 

 

ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე დისკუსიის დასაწყებად. მისივე თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი განაახლოს. 

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა და საქართველო და რუსეთი შვეიცარიის შუამდგომლობით ურთიერთობენ ამ დროის მანძილზე.

 

საქართველოს ახალი მთავრობის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მანამდე არ აღდგება, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი არ იქნება.

 

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთისა და საქართველოს ოფიციალური პირების შეხვედრის დეტალებზე დღეს განცხადებას თავად ზურაბ აბაშიძე გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი