“აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება. საქმე ეხება შ.პ.ს “სანი“-ს ხელმძღვანელი პირების მხრიდან ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით ფულადი თანხების მითვისების ფაქტს. გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,სანი“-ს დირექტორმა სერიოჟა გვარამიამ, საზოგადოების მთავარ ბუღალტერ ეკა ჯაბუასთან და მოლარე-ბუღალტერ ეკატერინა გოგოხიასთან ერთად, ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით მოახდინა საზოგადოების სალაროდან 3 618 339 ლარის გატანა. რის შემდეგაც ასევე ყალბი დოკუმენტებით აღნიშნული თანხა გაიწერა შპს ,,სანი“-ს მომარაგებლებზე მაშინ, როდესაც აღნიშნული თანხა რეალურად მიიღო სერიოჟა გვარამიამ და არამიზნობრივად გახარჯა”. –აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შპს ,,სანი“ ძირითადად დაკავებულია საამშენებლო საქმიანობით. მას 2010-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 52 მილიონი ლარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა საამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად. კერძოდ: ჩხოროწყუ-ტალერის გზის მონაკვეთის მშენებლობა, ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს გზის მონაკვეთის მშენებლობა, ქ. ზუგდიდის შიდა ქუჩების მშენებლობა, ქ. ფოთში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებისთვის თვრამეტი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ანაკლიისა და განმუხურის ბულვარების მშენებლობა, ანაკლიაში სასტუმრო ,,ოქროს საწმისი“-ს და იახტკლუბის მშენებლობა და სხვა.