რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უახლოეს მომავალში რუსეთის მხარე საქართველოს პრემიერ–მინისტრის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდება.
“ჩვენ ვუპასუხებთ რუსეთთან ურთიერთობაში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნას და მას დავეკონტაქტებით უახლოეს მომავალში”–განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე დისკუსიის დასაწყებად. მისივე თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი განაახლოს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა და საქართველო და რუსეთი შვეიცარიის შუამდგომლობით ურთიერთობენ ამ დროის მანძილზე.
წინასაარჩევნო პერიოდში კოალიცია”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში ხშირად ისმოდა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების დაპირება, საქართველოს მთავარი მიზნის ნატოში ინტეგრაციის დაზარალების გარეშე. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დანიშნა.
“ზურაბ აბაშიძეს მძიმე სამუშაო ელოდება, ის იყო საქართველოს ელჩი რუსეთში და მას დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით მუშაობის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში აღვადგენთ კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებს, ხოლო წელსვე თუ მოვახერხებთ ჩვენი ციტრუსების გატანას რუსეთის ფედერაციაში, ეს იქნება იდეალური ვარიანტი”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ზურაბ აბაშიძე პირადად მას დაექვემდებარება და მასთან ექნება ურთიერთობა:
“ეს ქართული მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად გადადგმული პირველი ნაბიჯია. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ რუსეთის მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება”, – განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა მანამდე არ აღდგება, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი არ იქნება:
“ჩვენ ვიწყებთ უფრო იოლი საკითხებით ურთიერთობების დარეგულირებას, ეს ეხება, პირველ რიგში, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა კი მჭიდრო კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის ცნებასთან. არსებულ სიტუაციაში დიპლომატიური ურთიერთობები არ შეიძლება აღდგეს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.