” რამდენადაც ჩვენ დღეს გვყავს ოპონენტები, რომლებიც კონსტრუქციულ ოპონირებას ვერ ახერხებენ და ამის იმედი მე არც მომავლისთვის არ მაქვს, ისინი ძველ იდეოლოგიაზე დაფუძნებით აგრძელებენ ცხოვრებას,  რაც იყო ძალადობაზე და სიცრუეზე მთელი ამ წლების განმავლობაში და რაზედაც უარი თქვა საქართველოს მოსახლეობამ. მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მოწოდებისა, უარი თქვან ძალადობასა და სიცრუეზე და ითანამშრომლონ თავისი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და იყვნენ კონსტრუქციულები, მაგრამ ისინი ვერ  ან არ ახერხებენ ამას.   მე როგორც ვხედავ სიტუაციას, თუ ეს ასე გაგრძელდა და, როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები გველის, ასევე გველის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, ჩემი აზრით, ჩვენ სერიოზული ოპონენტი ვერ გვეყოლება. ამისათვის საჭირო იქნება შიდა კონკურენციის გაზრდა კოალიციის შიგნით, ჩვენ უნდა შევნარჩუნდეთ ერთ მუშტად უახლოესი წლები და კოალიციის სტრატეგია უნდა იყოს ძირითადი სტრატეგია და ამავდროულად უნდა გაღრმავდეს შიდა კონკურენცია”.

 

აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე სიტყვთ გამოსვლისას გააკეთა, მან ასევე შეაფასა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში  კოალიცია “ქართული ოცნების” სამეგრელოში დამარცხება:

 

“დასანანი შედეგი მივიღეთ სამეგრელოში რატომღაც და ეს კვლევას საჭიროებს შემდგომში. ძალიან დიდი მუხტი იყო ზუგდიდში, როდესაც ჩვენ შეკრება გავაკეთეთ. იქ რაღაც მოხდა, რაღაც ვერ გავითვალისწინეთ, სადღაც მოგვატყუეს, ვერ მოვახერხეთ სერიოზული დარღვევის დაფიქსირება, მე დღემდე არ მჯერა და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამეგრელოში გამარჯვებას, ყველაზე მეტი ენერგია ამაზე დავხარჯე “– განაცხადა პრემიერმა. 

 

შეგახსენებთ, რომ  “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე დღეს პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი აირჩიეს. ამ პოსტზე ქადაგიშვილმა ირაკლი ალასანია შეცვალა.

 

დღეს პარტიის ყრილობას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ახლანდელი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია.

 

როგორც ყრილობაზე ითქვა, პარტიის მთავარი მიზანი არჩევნებისთვის მზადება იქნება. მათ შორის- საპრეზიდენტო არჩევნების და თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *