“დაკითხვა რა? მე რა ვალდებულება მაქვს? შემეძლო ამეშენებინა, შემეძლო არ ამეშენებინა, ეს ჩემი ნება იყო, მე ავუხსენი მათ, რომ არქიტექტორი ცრუობდა, პირველადი ნახაზი იყო შეცდომით, არ იყო ზომებში მოცემული და არც პროპორციები იყო დაცული, პროპორციებში დაცული ნახაზი გავუგზავნე და ავუხსენი, რომ საშინელება გამოვიდოდა, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტი, როგორც იცით, არაფერზე უკან არ იხევს, ისეთი ხასიათი აქვს მას და არც ამ შემთხვევაში დაიხია უკან”– განაცხადა პრემიერმა.
ივანიშვილის თქმით, მას მართლაც გაუგზავნეს პროექტი დასაფინანსებლად, რომელზეც ორი გრაფინი იყო გამოსახული, როგორც საქართველოს სიმბოლო, რომელიც “ღვინის ქვეყანაა”. პრემიერის თქმით, მას მოეწონა იდეა და მუსკომედიის თეატრის აშენებაც გადაწყვიტა, თუმცა:
“გამოგზავნილი პროექტი იყო ნახატი და არა ნახაზი, მათი არქიტექტორები, მე მგონი, უფრო მხატვრები არიან, სხვა შენობებსაც თუ შეხედავთ, ერთია ფურცელზე და მეორე გამოდის რეალობაში, როდესაც რეალური ნახაზი ავაგეთ და ზომები მივანიჭეთ, ის საშინელება მივიღეთ, რასაც ახლა რიყეზე ხედავთ და მე უარი ვთქვი ამ პროექტის განხორციელებაზე. მეხვეწნენ ერთი კვირა, ორი კვირა, მე კატეგორიულად ვუთხარი, რომე ეს არ შეიძლება აშენდეს ძველ თბილისში”.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა გუშინ, 8 დეკემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რიყესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ფონდი “ქართუს” ხელმძღვანელობა და პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიკითხონ, რადგან პროექტები უშუალოდ მას უთანხმდებოდა.
“ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩაბმული ფონდი “ქართუ” და ბიძინა ივანიშვილი, რომელთანაც პირადად თანხმდებოდა ეს პროექტები, 2008 წელს ქალაქმა ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმებით გადაწყვიტა გამოესყიდა რიყის ტერიტორია, რათა რიყის ტერიტორიაზე აშენებულიყო რეკრეაციული ზონა. ტერიტორიის განვითარების პროექტი მაშინ ასევე ფონდ “ქართუსთვის” იყო წარდგენილი, რომელმაც დაფინანსებაზე თავიდან თანხმობა განაცხადა, ეს პროექტები პირადად ბიძინა ივანიშვილს უთანხმდებოდა, რამდენადაც ვიცი. ის ორი ნაგებობა, რომელიც ახლა შენდება რიყეზე, მისთვის იყო ცნობილი, თუმცა არქიტექტურული ფორმები და ზომები მასთან არ იყო შეთანხმებული ან არ მოეწონა”–განაცხადა მამუკა ახვლედიანმა, რომელიც 2006 წელს, რიყის ტერიტორიის გასხვისების პერიოდში, მერიაში მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის თავმჯდომარე იყო.
რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის საკითხების შესწავლის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 6 ივნისს რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი ფართით 43350 მ.კვ. თბილისის მერიის მიერ პირობადადებული ხელშეკრულებით 7 მლნ. აშშ დოლარად გასხვისებული იყო ერთ-ერთ საწარმოზე, რომელსაც ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ გარდა საფასურის გადახდისა, საკუთარი ხარჯით უნდა განეხორციელებინა საავტომობილო მაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის შესაბამისი განაშენიანება. 2008 წლის 30 დეკემბერს, ისე, რომ საწარმოს არც ჰქონდა დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოთ აღნიშნული მიწის ფართები თბილისის მერიის მიერ გამოსყიდულ იქნა 17 მლნ. აშშ დოლარად. გამოძიების ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტები სხვადასხვა უწყებებიდან. დაკითხულები არიან თბილისის მერიის სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ქონდათ ხსენებულ საკითხთან. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება”– აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.