ახალი ამბები

შესაძლებელია თუ არა “მინი სტრასბურგის” მოდელის შექმნა საქართველოში?

17 მარტი, 2017 • 1886
შესაძლებელია თუ არა “მინი სტრასბურგის” მოდელის შექმნა საქართველოში?

დღეს, 17 მარტს პარლამენტში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოში “მინი სტრასბურგის” მოდელზეც იმსჯელებენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრის დაწყებამდე განუცხადეს.

“მინი სტრასბურგის” მოდელი, მათი განმარტებით, გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცემა უფლებამოსილება, კონსტიტუციის ადამიანის უფლებების თავთან მიმართებით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გადასინჯოს.

კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ეს მოდელი მისი და კიდევ რამდენიმე ადამიანის ინიციატივაა, რომელიც, ჯერ კიდევ 2010 წელს გააცნეს მაშინდელ საკონსტიტუციო კომისიას. მენაბდე ფიქრობს, რომ ეს მოდელი საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წასულ სარჩელებს შეამცირებს.

“საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უფლებამოსილების მინიჭება, გადასინჯოს და დაადგინოს კონსტიტუციურობა საერთო სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების მიმართ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ცვლილება იქნება, თუმცა, კომისიის ზოგიერთ წევრს მიაჩნია, რომ ეს გამოიწვევს და გააჩენს საჭიროებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს. თუ ძალიან გავამარტივებთ და ძალიან სქემატურად ვიტყვით, ეს შეიძლება იყო მინი სტრასბურგის მოდელი, ადგილობრივი სტრასბურგის მოდელი, რაც ქვეყანას, მათ შორის, დაეხმარება იმაში, რომ შეამციროს სარჩელების რაოდენობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში,”- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ვახუშტი მენაბდეს განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობის გაზრდის ნაცვლად ჯობს, გაიზარდოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება მისი აპარატის გასაძლიერებლად.

ვახუშტი მენაბდის გარდა, საკონსტიტუციო კომისიაში ამ წინადადების ინიციატორი ომბუდსმენის აპარატია. სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი, ეკა ფოფხაძე ამბობს, რომ ისინი დიდი ხანია, ამ კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებაზე საუბრობენ.

“ქვეყნის შიგნით იქნება შანსი, რომ სასამართლოს სისტემაში თუ რამე ხარვეზი იყო და თუ რამე გადაწყვეტილება არ იყო შესაბამისი ადამიანის უფლებებთან და კონსტიტუციასთან მიმართებაშ, კიდევ ერთხელ, საქართველოში არსებობდეს იმის შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება,”- განაცხადა ეკა ფოფხაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე “მინი სტრასბურგის” მოდელს ემხრობა და მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფი ამას მხარს დაუჭერს:

“ეს იმას ნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, ვის მიმართაც არის დადგენილი ეს გადაწყვეტილება და ეს ადამიანი არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობაში, მას უფლება ექნება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლო უფებამოსილი იქნება, შესაბამის კოლეგიაზე დაყრდნობით იმსჯელოს, დაირღვა თუ არა მისი უფლებები კონსტიტუციასთან მიმართებაში. ეს არის აბსოლუტურად ნოვატორული დამოკიდებულება მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ კომისია მთლიანად დაუჭერს მხარს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას და იმ კოლეგიის ჩამოყალიბებას, რომელიც სასამართლოს საბოლოო აქტების რევიზირებით დაკავდება,”- ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ამ პოზიციას არ იზიარებს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ოთარ კახიძე. კახიძე ფიქრობს, რომ “მინი სტრასბურგზე” საუბარი არასერიოზულია:

“მინი სტრასბურგთან დაკავშირებით ინიციატივა ქალბატონი ნინო გვენეტაძისგან მოვისმინე, შემდეგ, ბატონი მერაბ ტურავასგან. მერე ვნახეთ, სტრასბურგის სასამართლომ, ანუ რეალურმა, დიდმა სტრასბურგმა პრაქტიკულად, შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მოუწოდა მთავრობას, არ ჩაერიონ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაში. ამიტომ, მინი სტრასბურგზე ლაპარაკი არასერიოზულია, იმიტომ, რომ როგორი შიდასახელმწიფოებრივი ახალ მექანიზმიც უნდა შეიქმნას საქართველოში, ადამიანის უფლებათა სასამართლო არის ამ საშუალებების მოწურვის შემდგომ ბოლო ინსტანცია, რომელიც განიხილავს სხვადასხვა გადაწყვეტილებების ევროკონვენციასთან შესაბამისობას. ამიტომ, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოში ვერავინ გადმოიტანს, ეს არის აბსურდული მტკიცება,”- განაცადა ოთარ კახიძემ.

გარდა “მინი სტრასბურგისა”, დღეს საკონსტიტუციო კომისია ომბუდსმენის არჩევის წესზეც იმსჯელებს. ვახუშტი მენაბდის თქმით, უნდა იყოს შემუშავებული ისეთ მოდელი, რომელიც არჩევის პროცესში საპარლამენტო უმცირესობასაც ჩართავს.

“დღეს ვიმსჯელებთ სახალხო დამცველის არჩევის წესზე. რამდენიმე მოსაზრება არსებობს. მე ვემხრობი იმას, რომლის მიხედვითაც, კონსენსუსზე ორიენტირებული პროცედურით უნდა მოხდეს მისი თანამდებობაზე გამწესება. ასევე, დამოუკიდებლობის გარანტიები უნდა გაიზარდოს საბიუჯეტო თვალსაზრისით და სახალხო დამცველის ეგფექტურობა, კონსტიტუციაში, ვფიქრობ, უნდა დაფიქსირდეს, რათა, მას შემდეგ კანონმდებლობით მიეცეს შესაძლებლობა, რეალური პოლიტიკა გაატაროს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. დღეს უმრავლესობით აირჩევა სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის არჩევის იმგვარი წესი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომელიც, პროცესში ჩართავს უმცირესობის წარმომადგენლებსაც,”- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი