15 მარტს, ნიდერლანდებში გამართული საპარლამენტო არჩევნები მოქმედი პრემიერ-მინისტრის მარკ რუტის პარტიის გამარჯვებით დასრულდა. როგორც რუტი აცხადებს, ამით მისმა “ქვეყანამ უარი უთხრა მცდარ პოპულიზმს”.
მარკ რუტის “ხალხის პარტიამ თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის” მოახერხა და დაამარცხა ევროსკეპტიკოსი, ისლამოფობი ჰერტ ვილდერსის “თავისუფალი პარტია”.
ვილდერსი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ნიდერლანდების სამეფოს ევროკავშირიდან გამოიყვანდა, დახურავდა ქვეყანაში არსებულ მეჩეთებს და აკრძალავდა ყურანს. ის მის მთავარ ოპონენტს, მარკ რუტს ადანაშაულებდა, რომ ხელისუფლება იმიგრანტებისთვის უკეთეს ჯანდაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე – ჰოლანდიელებისთვის.
BBC-ის ინფორმაციით, ხმების 90%-ზე მეტი უკვე დათვლილია. რუტის “ხალხის პარტიას” (VVD) პარლამენტის 150 მანდატიდან 33 ერგო. ვილდერსის პარტიას 20, ქრისტიან დემოკრატებსა და ლიბერალ დემოკრატებს თითოეულს 19-19, ხოლო მწვანეთა მემარცხენე მარტიამ 14. წინა მოწვევის პარლამენტში მათ მხოლოდ 4 დეპუტატი ჰყავდათ.
ამომრჩეველთა აქტივობამ 81%-ს მიაღწია, რაც ნიდერლანდებში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჰერტ ვილდერსი მარკ რუტს აფრთხილებს, რომ ის დანებებას არ აპირებს: “მართალია 30 მანდატი ვერ მოვიპოვეთ, როგორც გვსურდა, მაგრამ იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე გვქონდა.”
ევროპაში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები უკვე საფრანგეთსა და გერმანიაში გაიმართება.