დაკავებულებს – ერედვის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროს სპეციალისტს ჯანგირ მჭედლიშვილს, საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროს გოგიტა გოჩაშვილს და სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ლევან მაისურაძეს ბრალი ედებათ ადამიანის დევნისა(156 მუხლი მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის აღმსარებლობის რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ საზოგადოებრივ, პროფესიულ რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით) და ხულიგნობის (239 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი, ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ფაქტზე.
ისინი გორის გორის რაიონულმა პროკურატურამ 6 დეკემბერს დააკავა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ დადგინდა, რომ 2012 წლის 16 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ დიცში, ეგრეთ წოდებულ „ბირჟაზე “იდგნენ ამ სოფელის მკვიდრნი:- ზ. ნ. ზ. მ. და ს. მ. დაახლოებით 18:00 საათისათვის ე.წ. “ბირჟასთან” გაჩერდა ავტომანქანა „ვაზ 21099″.მანქანაში ისხდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ერედვის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი ბესიკ კახნიაშვილი, ამავე მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი ჯანგირ მჭედლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი გოგიტა გოჩაშვილი და სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ლევან მაისურაძე. ისინი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და ზ. ნ-ს მოსთხოვეს გაეხადა და ფეხით შემდგარიყო კოალიცია „ქართული ოცნების” ლოგოიან მაისურზე. უარის მიღების შემდგომ მათ სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს ზ.ნ-ს და ცდილობდნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ მას. ამ უკანასკნელმა მოახერხა თავის დაღწევა და მიიმალა იქვე არსებული მაღაზიის უკან. კახნიაშვილი, მჭედლიშვილი, გოჩაშვილი და მაისურაძე ცინიკური ტონითა და ყვირილით მიმართავდნენ სოფლის მოსახლეობას , აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხოფას, რადგან მათ სამი დღით ადრე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული კოალიციის აქციაში.
ამ პირებმა შეამჩნიეს ქართული ოცნების მაისურში ჩაცმული, სტიქაროსანი ე. ა. მის დანახვაზე, დაიძახეს „აი კიდევ ერთი არაკაცი”-ო, აგინეს დედა, სცემეს და მიაყენეს სხეულის დაზიანება.
ხმაურზე სახლებიდან გამოსული მოსახლეობა შეეცადა პოლიტიკურად მოტივირებული ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დაწყნარებას და დაზარალებულის გამორიდებას. კახნიაშვილმა, მჭედლიშვილმა, გოჩაშვილმა და მაისურაძემ უკვე ყოველგვარი მოტივისა და მიზეზის გარეშე, ხულიგნური ქვენაგრძნობით ცემეს და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიაყენეს სახლიდან გამოსულ პირებს_ზ. ვ_ს, მის ვაჟს ბ. ვ_ს, მეუღლეს ქ.მ_ს და მათ სტუმრებს ხ.ს-ს და გ. ს_ს. თავდამსხმელებმა ჩაამტვრიეს იქვე მდგომი ხ. ს_ს ავტომანქანის მინა. ნაცემმა პირებმა ისარგებლეს შექმნილი პაუზით და თავი შეაფარეს ერთერთ ბინას, ხოლო თავდამსხმელები ყვირილითა და გინებით ცდილობდნენ სახლის შესასვლელი კარის შემტვრევას. ამ დროისთვის სახლში იმყოფებოდა 2 წლის ბავშვი. შეშინებულმა ატეხა ისტერიული ტირილი. შეიქმნა პანიკური სიტუაცია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სახლში შეკეტილი პირები დაუკავშირდნენ პოლიციას, აცნობეს მომხდარის შესახებ და ითხოვეს დახმარება. პოლიციის მისვლისას ვითარება უკვე განმუხტული იყო.
ერედვის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი ბესიკ კახნიაშვილი დაკავებული არ არის. კახნიშვილი მიიმალა და მასზე გამოცხადდება ძებნა.