ახალი ამბები

მთავრობის სხდომაზე 22 საკითხი განიხილება

7 დეკემბერი, 2012 •
მთავრობის სხდომაზე 22 საკითხი განიხილება

სამ საკითხს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წარმოადგენს და ისინი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებს ეხება. კერძოდ, ცვლილებები შედის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილებაში; ასევე, ცვლილებები შედის 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის #165-ე დადგენილებაში; კიდევ ერთი ცვლილება შედის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესებში, რომელიც განისაზღვრა მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილებით.

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 7 საკითხს წარადგენს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მათ შორის ერთ-ერთი საკითხი შეეხება  საქართველოსა და “Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce Limited Liability Company”-ის შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დასრულებას. აღნიშნული კომპანია დავას აწარმოებს საქართველოს მთავრობის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულების გამო, რომელიც ეხება ავტომაგისტრალისა და სასტუმროს მშენებლობას აჭარაში.

 

მთავრობის სხდომაზე რამდენიმე საკითხს წარადგენენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი