ახალი ამბები

“ტრაქტორების საქმისთვის” გადამდგარი მინისტრი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

15 მარტი, 2017 •
“ტრაქტორების საქმისთვის” გადამდგარი მინისტრი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დავით კირვალიძე ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. CNFA აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო პროექტებს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. 2006 წლიდან დღემდე CNFA-მ საქართველოში 10-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

დავით კირვალიძე არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წლების განმავლობაში იგი კითხულობდა ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, აშშ-საქართველოს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტსა და მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ).

დავით კირვალიძე ორჯერ იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ბოლოს ის სოფლის მეურნეობის მინისტრად ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს დაინიშნა, თუმცა 2013 წლის მაისში, ე.წ. ტრაქტორების საქმის გამო, როდესაც სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს, ის თანამდებობიდან გადადგა.

2014 წლის თებერვალში პროკურატურამ ე.წ. ტრაქტორების საქმე სასამართლოდან უკან გაიხმო განრიდების შედეგად:

“2014 წლის 4 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. „ტრაქტორების“ საქმეზე, ბრალდებულების განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ბრალდებულებისათვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტებისა და განრიდების მოტივით საქმის გამოთხოვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, მთავარი პროკურატურის  შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეზე ყველა ბრალდებულს დაუზუსუტდა  ბრალი მხოლოდ სსკ-ის 332-ე მუხლის  პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ასევე საქმე დაბრუნდა პროკურატურაში ბრალდებულების განსარიდებლად”, – განაცხადა მაშინ პროკურატურამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი