ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერდა

2 მაისი, 2013 • 1391
სოფლის მეურნეობის მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერდა

“როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, დაკავებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შ.პ.ს. “მექანიზატორის” რამდენიმე თანამშრომელი. ამ ადამიანებს   ძალიან  კარგად ვიცნობ და უმრავლესობა ჩემი მეგობარია. მათ  შორის არის ჩემი მასწავლებელიც. ყველა მათგანი არის  ძალიან  წესიერი პიროვნება და თითოეულს დიდ პატივს ვცემ. მე,  დარწმუნებული ვარ და მოუთმენლად ველოდები, რომ  სიმართლე მალე გაირკვევა და ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან კარგად.  

 

გამომდინარე აღნიშნული სიტუაციიდან, მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებზე. დღეს, მთავრობის სხდომაზე ვითხოვე უფლებამოსილების შეჩერება, სანამ არ გაირკვევა სიმართლე და არ დადასტურდება ამ ადამიანების უდანაშაულობა. 

 

მიმდინარე  პროცესებში ნებისმიერი სახის ჩარევა, ზეწოლა და მანიპულირება იქნება ძალიან ცუდი. ვაცადოთ შესაბამის ორგანოებს დაადგინონ  სიმართლე. რაც მთავარია, გავითვალისწინოთ ერთი რამ  –  უდანაშაულობის პრეზუმპცია”, – განაცხადა კირვალიძემ.

 

კირვალიძის განცხადებით, ის დროებით დატოვებს თანამდებობას, ვიდრე სამინისტროში გამოძიება არ დასრულდება.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მინისტრის მოვალეობას კირვალიძის მოადგილე შალვა ფიფია შეასრულებს.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კითხვები აქვს ერთ-ერთი მინისტრის მიმართ, რომელიც შეიძლება დაითხოვოს, მოგვიანებით მან განაცხადა, რომ შესაძლოა აღარ გამხდარიყო საჭირო ამ მინისტრის თანამდებობიდან დათხოვნა, თუმცა გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების საქმეზე დააკავეს 10 მეწარმე, ხოლო მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ დააკავეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი