ახალი ამბები

საქართველოს და თურქეთის პრემიერ-მინისტრების არაოფიციალური ვახშამი ბათუმში

15 მარტი, 2017 •
საქართველოს და თურქეთის პრემიერ-მინისტრების არაოფიციალური ვახშამი ბათუმში

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, დღეს 15 მარტს, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, არაოფიციალურ ვახშამზე ბათუმში შეხვდებიან.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინალი ილდირიმი ართვინის პროვინციაში იმყოფებოდა და იქედან ჩამოდის ბათუმში.

„გიორგი კვირიკაშვილი თავის თურქ კოლეგას ვახშამზე უმასპინძლებს, რომელიც მცირე ხნით, ტრანზიტულად ჩერდება ბათუმში.

ის რომ პრემიერები ორმხრივ ურთიერთობებზე და მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრებენ, რომელიც წელს უნდა გაიმართოს, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს“ – გვეუბნება პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნინო წივწივაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, დაესწრება თუ არა შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, პრესსამსახურში ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.

„ღონისძიება, რომელშიც პრემიერი კვირიკაშვილი  დღეს მიიღებს მონაწილეობას, არის საღამოს 19:00 საათზე, ბათუმის სარაგბო ბაზაზე. მოგვიანებით კი თურქეთის პრემიერს შეხვდება“.

სად და როდის შეხვდებიან პრემიერ-მინისტრები ბათუმში, პრესსამსახური არც ამ დეტალებს ახმაურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი