ახალი ამბები

კობახიძე: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღის გადაწევაზე შევთანხმდით

15 მარტი, 2017 • 1406
კობახიძე: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღის გადაწევაზე შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯერ უცნობია, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 მარტს, კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა მიმართა მათ კონკრეტულ თარიღზე, თუმცა, ეს თარიღი მნიშვნელოვან ღონისძიებას ემთხვეოდა:

“პრეზიდენტმა უნდა მოგვმართოს სასურველ თარიღთან დაკავშირებით და კონსულტაციების საფუძველზე შევათანხმებთ ამ თარიღს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ კონსულტაციები გავმართოთ ამ საკითხზე. იყო გარკვეული შემოთავაზება გარკვეული თარიღის, თუმცა, ეს თარიღი ემთხვეოდა მნიშვნელოვან ღონისძიებას, 5 ქვეყნის სპიკერი და ორი ქვეყნის ვიცე-სპიკერი ჩამოდის საქარველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევთანხმდით, რომ გადავწევდით თარიღს, თუმცა, დამატებითი კონსულტაციები არ გვქონია,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის ფორმატთანაც გაიმართება კონსულტაცია.

“ორ სხვადასხვა, ალტერნატიულ ფორმატს ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი, ყველა შემთხვევაში, იქნება, რა თქმა უნდა, გამოსვლები პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ,”- ამბობს კობახიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი