შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროკურატურისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხს, ამნისტიის კანონს, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს, ასევე იმ საკნონმდებლო ცვლილებებს, რაზეც იუსტიციის სამინისტრო ამჟამად მუშაობს:
“პირველი საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი სასამართლო სისტემას ეხება. საჯარო განხილვების, სასამართლოს სისტემის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ პარლამენტში განსახილველად შევიტანეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემს, მხოლოდ კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს ემყარებოდეს. ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ. სამართლიანობის აღდგენა გახლავთ ასევე ის მთავარი დაკვეთა, რომელიც ქართველმა ხალხმა მოგვცა”, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა იმ ბიზნესგარემოს შესახებაც ისაუბრა, რომელიც საქართველოში არსებობს და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ბიზნესს არჩევანის საშუალება არ ჰქონდა:
„მთელი ეს პერიოდი ბიზნესი ემორჩილებოდა წესებს, რომელიც ყოფილმა მმართველმა გუნდმა დაადგინა. ეს წესები ემსახურებოდა ერთს – ბიზნესის ტერორს. ახლმა მთავრობამ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო გაფრთხილება, თუ რომელიმე მინისტრი დაუმეგობრდება ბიზნესმენს, ან გადაწყვეტს მისთვის ფულის წართმევას, ის დატოვებს თანამდებობას და თუ ამის საჭიროება იქნა, პასუხს აგებს კანონის წინაშე. ჩვენ ვეცდებით ყველა პირობა შევუქმნათ ბიზნესს განვითარებისთვის და რეალური ინვესტიციების მოზიდვისთვის“ , – აღნიშნა წულუკიანმა.
მინისტრმა და მისმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს, რომელიც ძირითადად საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის სწორი სამართლებრივი გარემოს შექმნას ეხებოდა.
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას, რომლის პრეზიდენტია სარა უილიამსონი, 170 წევრი ყავს. „რედისონში“ გამართულ შეხვედრას როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ. ეს იყო პირველი შეხვედრა ახლად არჩეული მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.