შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე დაკავებულებმა ბათუმის სხვადასხვა რაიონში 21 ძვირადღირებული ავტომანქანა დააზიანეს და გაქურდეს. როგორც გაირკვა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ავტომანქანების საქარე მინებს „ატვიორტკითა”და ქვებით აზიანებდნენ და გაყიდვის მიზნით სალონიდან ფულს ან ნივთებს: ხელჩანთებს, მანქანის მაგნიტოფონებს, სხვადასხვა საბუთებს იპარავდნენ.
სამართალდამცველებმა ანრი კ.-ს სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ერთ-ერთი დაზარალებულის მაჯის საათი ამოიღეს. გამოძიებას რამდენიმე სხვა ნივთმტკიცებაც გააჩნია.
ორივე დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის (ქურდობა) III-ე ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებით დაიწყო.