ახალი ამბები

შსს–მ კუდ-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა

5 დეკემბერი, 2012 • 1434
შსს–მ კუდ-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა

დაკავებულები არიან:  აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს  ყოფილი უფროსი რომან  შამათავა, ამავე  მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსი ტარიელ ბარამია, მეორე სამმართველოს უფროსი  სერგო უბილავა და ოპერატიული თანამშრომელი როინ აბშილავა.

 

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გარდა ამისა, აღნიშნული დანაშაულის  შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ბრალდებულად   დაკავებული არიან შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ბახვა ჩიქობავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი დავით ქორქია.

 

ამასთან ერთად, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შანახვის ფაქტზეც, რომელშიც, გამოძიების მასალების მიხედვით, მხილებული არიან შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა  და მისივე თანამშრომელი დავით ქორქია.

 

შსს–ს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ასახელებენ, თუ ვისი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მკვლელობის ბრალდებით არიან დაკავებული ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები. პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახმაურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი