გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, თბილისის ურბანული განვითარება ხშირად მწვანე ზონების ფართობის მნიშვნელოვნად შემცირების ხარჯზე ხდება, რის გამოც გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისის მერიას მიმართავს:
1. ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს ყველა ალტერნატიული ვარიანტის განხილვა, ე.წ. „ნულოვანი“ ალტერნატივის ჩათვლით და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს მწვანე საფარის შენარჩუნების თვალსაზრისით მისაღები პროექტების სასარგებლოდ;
2. ურბანული განვითარების გენერალურ გეგმებში ადეკვატურად იქნეს ასახული დამატებითი მწვანე ზონების განვითარების საკითხები;
3. უზრუნველყოფილ იქნეს ურბანული განვითარების დაგეგმარების პროცესის საჯაროობა კანონმდებლობის შესაბამისად და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
ხათუნა გოგალაძის განცხადებით, ბოლო დროს ქალაქში მწვანე ზონების შემცირებასთან დაკავშირებით სამინისტროს არაერთმა ადამიანმა მიმართა:
“ქალაქის გენერალური გეგმის ბოლო მონაცემების თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ადგილი 5,6 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც 80-იანი წლების ამავე მაჩვენებელს (13,0მ2), ასევე არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმას (11მ2). იმის ფონზე, რომ დედაქალაქში იზრდება ავტოტრანსპორტის რიცხვი, რაც თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, შენარჩუნდეს/გაიზარდოს მწვანე საფარი, რომლის ფუნქციები ესთეტიკური მხარის გარდა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ხმაურის შემცირებაა”, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ. მინისტრის თქმით, სამინისტრო მზადაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის მერიასთან ითანამშრომლოს.