ახალი ამბებიხელოვნება

ქართველი ანიმატორის ფილმმა მონრეალის ანიმაციის ფესტივალზე 2 პრიზი მიიღო

14 მარტი, 2017 • 3701
ქართველი ანიმატორის ფილმმა მონრეალის ანიმაციის ფესტივალზე 2 პრიზი მიიღო

13 მარტს, ქართველი ანიმატორის, ანა ჩუბინიძის ანიმაციურმა ფილმმა “ჯიბის კაცი” მონრეალის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 2 პრიზი მიიღო – ბავშვებისგან “სპეციალური ნომინაცია” და პროფესიონალი ჟიურის წევრებისგან “საუკეთესო მოკლე მეტრაჟიანი ფილმი”. ეს ფილმის პირველი ფესტივალი, ხოლო ახალგაზრდა ანიმატორისთვის პირველი ჯილდოა.

ჯიბის კაცი არის ცეროდენა ადამიანი, დაახლოებით 7-8 სმ, რომელიც დიდ სამყაროში ცხოვრობს. კაცს ვერავინ ამჩნევს. ბინა ჩემოდანში მოწყობილი სახლში აქვს დადებული. შემდეგ ხვდება უსინათლო კაცს, უმეგობრდება მას და აგრძელებს მის ჯიბეში ცხოვრებას. ჯიბის კაცი ეხმარება მოხუცს გადაადგილებაში, აფრთხილებს მოსალოდნელ საფრთხეებზე და ამგვარად, ავსებენ ერთმანეთს.

ანა ჩუბინიძე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა “ჯიბის კაცის” შესაქმნელად. ანიმატორმა ამბავი თავდაპირველად მხოლოდ წიგნისათვის დაწერა, თუმცა შემდეგ ანიმაციურ ფილმის შექმნა გადაწყვიტა. ის ფილმის იდეისა და სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და ანიმატორია.

ფილმი სამი ქვეყნის ერთობლივი ნაწარმოებია. საქართველოში სტუდია “კვალი 21-ე”, საფრანგეთში სტუდია “ფოლიმაჟი” და შვეიცარიაში სტუდია “ნადასი” იღებდნენ მონაწილეობას ანიმაციის შექმნაში. შვეიცარიული მხარე ფილმს ძირითადად ფინანსურად დაეხმარა.

“ნაწილი თბილისში დაიხატა, ნაწილი “ფოლიმაჟის” სტუდიაში. ქართველები და ფრანგები ერთ ჯგუფად ვმუშაობდით,” – ამბობს ანა ჩუბინიძე – “ფესტივალზე ფილმებს აგზავნის თავად “ფოლიმაჟი”. მთელი წლის განმავლობაში იგზავნება 130 სხვადასხვა ფესტივალზე. ამ ეტაპზე 13-მა ფესტივალმა მიიღო უკვე და აქედან 12-ზე საკონკურსო ნომინაციაში, რაც ნიშნავს, რომ აქვს ფილმს შანსი მიიღოს ჯილდო. ასეთი იყო კანადაში, მონრეალის ფესტივალიც.”

საქართველოში ფილმის პრემიერა სექტემბერში ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე შედგება. ასევე სექტემბრიდან ფილმი გამოვა საფრანგეთის კინოთეატრებში 6 სხვა მოკლემეტრაჟიან ფილმთან ერთად. მოგვიანებით, მას თავის ეთერში უჩვენებს ფრანგული ტელეარხი “კანალ +”.

ანა ჩუბინიძე პროფესიით არქიტექტორია. სამაგისტრო პროგრამაზე სარეკლამო გრაფიკა შეისწავლა, შემდეგ კი 3 წლის განმავლობაში საბავშვო წიგნებისათვის ილუსტრაციებს ხატავდა. წიგნებზე მუშაობის პროცესში გადაწყვიტა თავი ანიმაციაშიც გამოეცადა.

“სანამ ანიმაციას დავიწყებდი, მანამდე ვმუშაობდი საბავშვო წიგნების ილუსტრატორად. ვაკეთებდი სამგანზომილებიან წიგნებს “ქარჩხაძის გამომცემლობისთვის” და ვხატავდი ილუსტრაციებს. შემდეგ წიგნის ხელოვნების ცენტრში ვმუშაობდი ილუსტრატორად. მოთხრობა “ჯიბის კაციც” თავიდან წიგნისთვის დაიწერა, მაგრამ შემდეგ ანიმაცია გავაკეთე,” – ამბობს ანა.

კადრი ანიმაციური ფილმიდან "ჯიბის კაცი" ფოტო: სტუდია "ფოლიმაჟი".

კადრი ანიმაციური ფილმიდან “ჯიბის კაცი” ფოტო: სტუდია “ფოლიმაჟი”.

ამბობს, რომ ანიმაციური ფილმები ყოველთვის აინტერესებდა და ახლაც თვლის, რომ იპოვა საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით გააკეთებს.

“ანიმაციის თაყვანისმცემელი ყოველთვის ვიყავი. ანიმაციური ფილმებიდან პერსონაჟებს ვიხატავდი და ჩემითაც, მობილურით გადამიღია მცირე ნაწყვეტები. პლასტელინითაც ამიწყვია სცენები, მაგრამ სერიოზულად სულ 4 წლის წინ დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა. შემდეგ პაუზა მქონდა 2 წლიანი და როდესაც “ფოლიმაჟი” დაინტერესდა “ჯიბის კაცით” გავაგრძელე კვლავ მუშაობას.

იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა დიდ ჯგუფთან ერთად ფილმის შექმნის პროცესი, როცა ყველა ერთი მიზნისთვის ვმუშაობდით, ერთნაირი ენთუზიაზმით, მივხვდი რომ ეს არის, ის რაც მინდა რომ მთელი ცხოვრება ვაკეთო.”

როგორც ანა ჩუბინიძე ამბობს, ახალ პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. მანამდე კი “ჯიბის კაცი” საფესტივალო მოგზაურობას აგრძელებს.

ანიმატორი ანა ჩუბინიძე ფოტო: პირადი ფეისუკ ანგარიში

ანიმატორი ანა ჩუბინიძე ფოტო: პირადი ფეისბუკ ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი