ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროსთვის 40 მლნ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პროგრამა მოიცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებას კოოპერაციის მხარდაჭერისა და სერვის-ცენტრების შექმნის პროგრამაში, ასევე დაეხმარება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხელს შეუწყობს არასამთავრობო სექტორის ჩართვით კერძო სექტორის განვითარებას.
“მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის მისიის ხელმძღვანელმა ანდრეა ფონტანამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა შეხვედრაზე პროექტის დაწყების თარიღი და ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს. პროგრამის მიზანი საქართველოში სურსათის წარმოების გაზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირებაა. პროგრამის ამოცანა ეროვნული სექტორული სტრატეგიის განხორციელების დახმარება და მცირე ფერმერული ორგანიზაციების გაძლიერებაა,”- ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო ფილიპ დიმიტროვის კომენტარსაც ავრცელებს:
„მომავალ წელს ევროპის საქართველოსადმი მხარდაჭერის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობა იქნება. თუმცა მისია ასევე მუშაობს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე 2014-17 წლებისთვისაც. ჩვენ შევხვდით ქართულ მხარეს, რომ განგვესაზღვრა ის მიმართულებები, რომელიც უფრო საინტერსოა საქართველოსთვის ევროპული დახმარების კუთხით. ვფიქრობ, შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო.”
