ახალი ამბები

თიბისი ბანკმა მთავარ პროკურატურას ანზორ ქოქოლაძესთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა

4 დეკემბერი, 2012 • 1040
თიბისი ბანკმა მთავარ პროკურატურას ანზორ ქოქოლაძესთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა

თიბისი ბანკი ქოქოლაძის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და სთხოვს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ „ცრუ დასმენის“ მუხლით.

 

ბანკის მიერ მთავარი პროკურორის სახელზე შეტანილ განცხადებაში ნათქვამია:

 

„ამ ბოლო პერიოდში პრესაში რამდენიმეჯერ გამოქვეყნდა კომპანია “ელიტ ელექტრონიქსის” ყოფილი დამფუძნებლის, ბატონ ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კომპანია “ელიტ ელექტრონიქსთან” დაკავშირებით.

 

იმავე საკითხზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნდა ინტერვიუები, რომლებშიც ვინმე ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომელიც თავს უფლებადამცველს უწოდებს, დაადანაშაულა თიბისი ბანკი ელიტ ელექტრონიქსთან მიმართებაში უკანონო ქმედებებში. მან ინტერვიუებში მტკიცებით ფორმაში გააჟღერა არასწორი ინფორმაცია და ფაქტები, რა გზითაც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ამგვარი არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თანაც  მტკიცებით ფორმაში, ლახავს ბანკის ინტერესებს და, რაც მთავარია, ეს ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

 

მაგალითად, ინტერნეტ გამოცემისთვის www.for.ge მიცემულ ინტერვიუში ბატონმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ,,თიბისი ბანკის” წარმომადგენლები ქალაქ თბილისის მერ გიგი უგულავასთან და სახელმწიფოს სხვა მაღალჩინოსნებთან უკანონო გარიგებაში დაგვადანაშაულა. უფრო მეტიც, მან დააკონკრეტა საკუთარი ბრალდება და მეტი დამაჯერებლობისათვის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებიც მოიშველია.

 

აღსანიშნავია, რომ ასეთ საუბრებს და პასკვილებს უკვე სისტემატიური ხასიათი მისცა როგორც ბატონმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, ისე თვით ანზორ ქოქოლაძემ. ყველა ეს საგაზეთო თუ სატელევიზიო ინტერვიუ არის აშკარა ცილისწამება და შეუსაბამო სინამდვილესთან.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, გთხოვთ საფუძვლიანად გადაამოწმოთ ყველა მასალა, რაც უკავშირდება ზემოხსენებულ პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვინაიდან, ამ ინფორმაციის გამავრცელებელ პირთა მტკიცებით, ჩადენილია დანაშაული.

 

საჯარო განცხადებებში მოყვანილი ფაქტების დაუდასტურებლობის შემთხვევაში (რაშიც ჩვენ დარწმუნებულნი ვართ), მოვითხოვთ გამოძიება დაიწყოს საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, ვინაიდან ეს საჯარო განცხადებები შეიცავს ცრუ დასმენის დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს“

მასალების გადაბეჭდვის წესი