ახალი ამბები

მინისტრი აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს

12 მარტი, 2017 • 1441
მინისტრი აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ აჭარის პოლიციაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ამის შესახებ მინისტრმა “იმედთან” ჩართვისას განაცხადა.

მინისტრი არ ადასტურებს ბათუმში გამართული აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციელები ქსენოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ მოქალაქეების მიმართ:

“ზედაპირულად ეს სიტუაცია უკვე გავიარე, მაგრამ დეტალურად გავერკვევი ყველა იმ ნიუანსში და პრეტენზიაში, რომელიც ჩემი თანამშრომლების მიმართ მოდის. მე დავაანონსე, რომ არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებებსაც-მეთქი, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს. მე ამას ვერ ვხედავ. ყველა იმა დამიანმა ვისთანაც მქონდა საუბარი, კატეგორიულად უარყო ქსენოფობიური განცხადებები. ვფიქრობ, რომ ეს წინასწარ კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა. გარკვეულ ჯგუფებს სურდათ, რომ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მომხდარიყო. სწორად იყო შერჩეული სენსიტიური საკითხი, რომ თითქოს ქსენოფობიური განცხადებები იქნა გაკეთებული პოლიციელების მხრიდან, მსგავსია რაფერი ყოფილა”, – თქვა მინისტრმა.

მღერბრიშვილმა ასევე უარყო არაადეკვატური ჯარიმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გუშინ ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთი საფუძველი იყო.

2 მარტს, ღამით ბათუმში ქაოსი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. ბათუმში 11 მარტს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ბათუმი პლაზას” მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა, მათ შორის პოლიციის უფროსმა “აჭარლები თათრებად” მოიხსენია. დემონსტრანტები პოლიციელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კუთხით არაადეკვატურ ჯარიმებშიც ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი