ომბუდსმენობის ერთ–ერთი კანდიდატის თამარ გურჩიანის განცხადებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ უმრავლესობა უჩა ნანუაშვილის დასახელებას აპირებდა:
“პრესასთან შეხვედრის დროს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ვინც მოუსმინა, მიხვდებოდა, რომ უმრავლესობის კანდიდატი იქნებოდა უჩა ნანუშავილი. ნინა ხატისკაცის კანდიდატურის შემდგომ სწორედ მისი კანდიდატურა გაჩნდა ალტერნატივის სახით, ეს ცალსახა იყო ჩემთვისაც. პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას ვეცი პატივი და ამიტომ ჩავედი, ასევე პატივი ვეცი იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც მე დამასახელეს ომბუდსმენის კანდიდატად. არჩასვლის არგუმენტაცია არ მქონდა და ჩასვლა ვამჯობინე,” – განაცხადა თამარ გურჩიანმა.
თამარ გურჩიანს, როგორც ომბუდსმენობის კანდიდატს, პარლამეტმა დღეს მოუსმინა. მისი თქმით, მან მოკლედ გააცნო პარლამენტარებს მისი შეხედულებები და შემდეგ შეკითხვებს უპასუხა.
“ძალიან პოზიტიური ატმოსფერო იყო, ხშირად ისმოდა სიტყვები “ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”. ცალსახად ვიცოდი, რომ “პოლიტიკური გადაწყვეტილება” ნიშნავდა იმას, რომ მე არ ვიქნებოდი ომბუდსმენობის კანდიდატი. ჩემთვის ეს არ იყო პრობლემა. მე გამოვიყენე ეს ასპარეზი იმისთვის, რომ მესაუბრა ჩემს ხედვებზე პარლამენტარებთან. ვფიქრობ, რომ საინტერესო შეხვედრა იყო, თუმცა მოლოდინი არ მქონია, რომ ისინი გადაწყვეტილებას შეიცვლიდნენ და ნანუაშვილს არ დაასახელებდნენ”.
ნინა ხატისკაცი, რომელიც ბოლო დრომდე ერთადერთი იყო, ვისთან დაკავშირებითაც უმრავლესობაში პოლიტიკური კონსენსუსი არსებობდა, თვლის, რომ უმრავლესობამ პროცესი თავიდანვე არასამართლიანად წარმართა და ამიტომ შეიცვლა მის მიმართ არსებული გადაწყვეტილება:
“რეალურად ის კანდიდატებები, რომლებიც მანამდე იყვნენ დასახელებული, მათთან შეხვედრის გარეშე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ის, რომ მხოლოდ მე მომიწია პარლამენტის წინაშე წარსდგომა, ეს მართლაც არ იყო სამართლიანი, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს არ მომწონდა, უბრალოდ მივიღე შემოთავაზება და ვიცოდი, რომ სხვა ალტერნატივა არ იყო, ვისზეც კონსენსუსი არსებობდა, თუმცა მე არ მქონდა პრეტენზია, რომ ერთადერთი ვიყავი და შეუცვლელი ვიყავი ამ პოსტზე. მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად ჯანსაღი პროცესი, უფრო მეტიც, ეს იყო თავად უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული პროცესი, რომელიც უმრავლესობის მიერვე შევიდა ჩიხში”.
ხატისკაცი თვლის, რომ კითხვები, რომელიც არსებობდა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე მისი მეუღლის დანიშვნის ან “ქართულ ოცნებასთან” ასოცირებასთან დაკავშირებით, უცნაური და არალეგიტიმურია. 21 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ხატისკაცის მეუღლე გამგებლის მოადგილე გახდა მესტიაში.
ნინა ხატისკაცი თავიდან ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც უმრავლესობამ კომიტეტის სხდომაზე 8 ნოემბერს მოუსმინა, 11 ნოემბერს კი, პრემიერ მინისტრის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, უკმაყოფილება გამოითქვა იმ პროცესის გამო, რომელიც სახალხო დამცველის ირგვლივ განვითარდა:
“ჩვენი ინიციატივა იყო, რომ პარლამენტმა მოუსმინოს ყველა კანდიდატს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. პრემიერ მინისტრი დაგვპირდა, რომ მმართველ გუნდთან დააყენებს ამ საკითხს.”–განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
სწორედ ამის შემდეგ მოუსმინა საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველობის სამი კანდიდატს -დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ნათია იმნაძეს და ლია მუხაშავრიას 28 ნოემბერს, ხოლო დღეს, 3 დეკემბერს, დანარჩენ კანდიდატებს -თამუნა გურჩიანს და უჩა ნანუაშვილს.
შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ომბუდსმენობის კანდიდატების არჩევის ფორმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ომბუდსმენობის კანდიდატების განხილვის ფორმა ოდნავ დაირღვა და მის აღდგენას ცდილობენ, მისივე თქმით:
“უჩა ნანუაშვილი განიხილება ერთ-ერთ კანდიდატად, სხვა კანდიდატებიც არიან და მათ მოუსმენს პარლამენტი და ამის მერე გაირკვევა”.
“ნეტგაზეთი” ცდილობდა ნანუაშვლთან დაკავშირებას, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. უჩა ნანუაშვილი “ადამინის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორია, მის კანდიდატურა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა წარადგინა.
შეგახსენებთ, ბოლო მმართველი პარტიის ომბუდსმენობის კანდიდატი იყო ნინა ხატისკაცი, ხატისკაცის გარდა, თავისი კანდიდატები ჰყავდა სამოქალაქო სექტორს. რამდენიმე ათეულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ომბუდსმენობის კანდიდატად თამარ გურჩიანი დაასახელა, სხვა არასამთვრობო ორგანიზაციების კანდიდატები ასევე არიან: ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლაიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. მოგვიანებით, ამ სიას უჩა ნანუაშვილიც შეემატა.