ახალი ამბები

აქვს თუ არა საერთო ახალაიას საქმესთან თავდაცვის სამინისტროს მიერ აღმოჩენილ უკანონო იარაღს?

3 დეკემბერი, 2012 •
აქვს თუ არა საერთო ახალაიას საქმესთან თავდაცვის სამინისტროს მიერ აღმოჩენილ უკანონო იარაღს?

სამინისტროს ცნობით, მათ იარაღის საცავის არსებობის შესახებ ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა, რომლის ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხმაურდება.

 

თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ავტომატური და პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს. სხვადასხვა კალიბრისა და მოდელის მაყუჩიანი იარაღი რეგისტრირებული არსად არ არის.

 

“ქალაქის სამმართველო დაადგენს, თუ ვის მიერ და რა მიზნით მოხდა ამ არსენალის საცხოვრებელ ბინაში მიტანა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს სოზარ სუბარმა (ამჟამად სასჯელაღსრულების მინისტრი) განაცხადა, რომ ჟენევაში შეხვდა დევნილის თავშესაფრით მცხოვრებ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს, რომელმაც მას სანდო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია მიაწოდა ბაჩო ახალაიას დავალებით თბილისში კონსპირაციული ბინების შეძენის თაობაზე. სუბარის განცხადებით, კომახიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ კონსპირაციულ ბინებში იარაღის საწყობები იყო. მისი თქმით, თბილისში 20-მდე ასეთი დაკეტილი ბინა არსებობდა, რომლებიც ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს შეიძინეს.

 

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს აღმოჩენილი უკანონო იარაღი ერთ-ერთ ბინაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი