ახალი ამბები

EUMM–ი ფრონეს ხეობაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

3 დეკემბერი, 2012 • • 1124
EUMM–ი ფრონეს ხეობაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

“ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მისია დაუკავშირდა ყველა მხარეს ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ცხელი ხაზის მეშვეობით და  ინფორმაცია შეაგროვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მესაზღვრეებისგანაც. მისიის მონიტორები მოგვიანებით შეხვდნენ პატარა ფურგონის მძღოლს, რომლის მანქანასაც ცეცხლი გაუხსნეს”.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცხელი ხაზიდან ინტენსიური ინფორმაციის მიღების შემდეგ გუშინ შეხვედრა შედგა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის, რათა ინიციდენტი განეხილათ.

 

“მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, შეინარჩუნონ კონსტრუქციული მიდგომა და გამოიჩინონ თავშეკავება, რათა არ მოხდეს ვითარების დაძაბვა. მისია აფასებს, რომ ჩართულმა მხარეებმა სიტუაციის განსამუხტად და ინციდენტის ირგვლივ გარემოებების გარკვევის მიზნით ცხელი ხაზი გამოიყენეს”.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარის განხილვა ინციდენტის პრევენციისა და მასზე რეაგირების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე მოხდება, რომელიც დეკემბერში ერგნეთში გაიმართება. 

 

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრონეს ხეობის სოფელ აბანოდან სოფელ კოდაში მიმავალ მანქანას ოსურ სოფელ წვნელისიდან ცეცხლი გაუხსნეს. გუშინ გავრცელებული ინფორმაციითვე, ოსური მხრიდან დაახლოებით 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა სოფელ კოდაში და სროლა ატეხა. ამ ინიცდენტს მოჰყვა ორმხრივი სროლა, რომელმაც დაახლოებით ერთ საათს გასტანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით კი, კონფლიქტი ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მოხდა და ოსური მხარის მიერვე აღიკვეთა:

 

“კონფლიქტის ზონაში არის სრული სიმშვიდე. მინისტრი პირადად იმყოფებოდა შიდა ქართლში, მოიარა ყველა საგუშაგო და პოლიციის განყოფილება და სიტუაცია არის სრულიად კონტროლირებადი. შსს მინისტრი იქ დაგეგმილი ვიზიტით იმყოფება. რაც შეეხება დაპირისპირებას, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს ფაქტი თავადვე იქნა აღკვეთილი ოსური მხარის მიერ. ამ დროისათვის იქ სრული სიმშვიდეა. შეტყობინება მოვიდა, გარკვეული კონტაქტი იყო ქართულ მხარესთან, ოსურმა მხარემ მალევე აღკვეთა და დაიჭირა ის ადამიანები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი