ნოღაიდელის განცხადებით, მან პროკურატურას უკვე მიმართა პარტია ‘მოძრაობა სამართლიანი საქართველოს’ წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამოძიების, ასევე, პაატა კაიკაციშვილის რეაბილიტაციის მოთხოვნით, რომელიც, როგორც ნოღაიდელი აცხადებს, მისი პარტიის დაარსების დღესვე დაიჭირეს:
“ძალიან მნიშვნელოვანია განვასხვავოთ დამკვეთი და უშუალო შემსრულებელი. დამნაშავეთა უმრავლესობა კვლავ თანამდებობებზეა, რაც შეეხება უშუალოდ იმ საქმეებს, რის გამოც მე მივმართე პროკურატურას, შეუძლებელია, რომ ეს საქმეები არ ყოფილიყო შეთანხმებული უშუალოდ ადეიშვილთან და მერაბიშვილთან. ეს და მსგავსი საქმეები პირველ რიგში უნდა განიხილოს პროკურატურამ. იმ ხალხის დაკავება მცირე დანაშაულებების გამო, ვისაც გაცილებით დიდი დანაშაული მიუძღვის, კარგ შედეგს არ მოუტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებას”, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ის პარტიის დაბრუნებისთვის იბრძოლებს, თუმცა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ აქტივობას არ აპირებს:
“გავაკეთებ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლი, არავის წინაშე არ ვთვლი თავს ანგარიშვალდებულად”, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა. მისი თქმით, მას ამ დროისთვის არც კახი კალაძის კომპანია ‘კალა კაპიტალთან’ აქვს რაიმე კავშირი.
“მე მაქვს კახასთან შეხვედრები და საუბარი, თუმცა, არა ამ საკითხებზე. რაც შეეხება ‘ქართულ ოცნებას’, მმართველმა კოალიციამ გააკეთა მთავარი, საქართველოს ნაწილობრივ ჩამოაშორა ‘ნაციონალური მოძრაობა’ და სააკაშვილი, თუმცა საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის. საქართველო ‘ნაციონალური მოძრაობის’ დაბრუნების საფრთხის წინაშე მანამდე დგას, სანამ სააკაშვილის ტვინში დაბრუნების იმედი ტრიალებს”, – განაცხადა ნოღაიდელმა.
ზურაბ ნოღაიდელმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2007 წლის 16 ნოემბრამდე იმუშავა. ამის შემდეგ დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას და კახა კალაძის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 2008 წლის შემოდგომაზე ნოღაიდელმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და დაიწყო პარტიის – “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” – ჩამოყალიბება, თუმცა პარტიის რიგგარეშე ყრილობამ ზურაბ ნოღაიდელი პარტიის ფინანსური პრობლემის გამო თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა და დავალიანების გასტუმრებამდე გამგეობის რიგით წევრად დატოვა.








