
“არც ერთ სასამართლოს, არც ერთ საგამოძიებო ორგანოს არ წაუყენებია ჩემთვის ბრალი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ ხელის შემშლელ პირობას, რათა დავბრუნდე საქართველოში,”– განაცხადა იგორ გიორაძე “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მის წინააღმდეგ მიცემული ყველა ჩვენება მოწმეებმა სასამართლო პროცესზე გადათქვეს, თუმცა წინა ხელისუფლების არსებობის პირობებში მან საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა.
“მე არ შემიწყვეტია პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. რეგისტრირებული მაქვს პარტია “სამართლიანობა”, ვარ ამ პარტიის ხელმძღვანელი და გავაგრძელებ მოღვწეობას,”– განაცხადა იგორ გიორგაძემ.
მისი თქმით, მას დღეს საქართველოში მოქმედი არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ არ აქვს გამოხატული მკვეთრად დადებითი პოზიცია, თუმცა მისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობა”.
იგორ გიორგაძის განცხადებით, 2009 წელს მან მოსკოვში დაარეგისტრირა საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველო უცხოეთში”, რომელიც აერთანებდა საქართველოდან იძულებით წასულ პირებს:
“მე გამაჩნია კონტაქტები, რომელიც მაქსიმალურად ვცდილობ საქართველოსთვის სასიკეთოდ გამოვიყენო.”
მისი თქმით, საქართველოში მოღვაწე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მათ შორის პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერ კახა კუკავას: “ჩვენ ვსაუბრობდით იმ ჩიხიდან გამოსვლაზე, რაშიც მიხეილ სააკაშვილმა შეგვიყვანა.”
რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს, გიორგაძის განცხადებით, ეს არ იქნება იოლი, რადგან ეს წარმოუდგენელია რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარშე. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ ქვეყანაში დადებითად ფასდება, თუმცა ურთიერთობა სწრაფად ვერ მოგვარდება, ამას შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს.
იგორ გიორგაძე მისი პარტის წევრების გათავისუფლებას ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ერთ–ერთ შემადგენელ ნაწილს უწოდებს.
იგორ გიორგაძე 1993 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრად.
1995 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. თავდასხმის ორგანიზებაში გიორგაძეს დაედო ბრალი, რის გამოც იგი „ინტერპოლის“ მიერ იძებნება.
ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია „სამართლიანობა“ და ორგანიზაცია „ანტისოროსი“.
2006 წლის 6 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა ორგანიზაციის აქტივისტები და გაასამართლა მისი 13 ლიდერი. მათ შორის ერთ–ერთი, თემურ ჟორჟოლიანი პატიმრობიდან რამდენიმე კვირის წინ, 2012 წლის 10 ნოემბერს, ვადამდე ადრე, პირობით გაათავისუფლეს.







