ახალი ამბები

ჩუღურეთის გამგებელი: არცერთი ხანძრით დაზარალებული დარჩება გარეთ [ვიდეო]

10 მარტი, 2017 • 9762
ჩუღურეთის გამგებელი: არცერთი ხანძრით დაზარალებული დარჩება გარეთ [ვიდეო]

ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, რომ კლდიაშვილისა და ჩიტაიას კუთხეში მდებარე კორპუსში მცხოვრები ადამიანებიდან დღეს არავინ დარჩება გარეთ. ჩიტაიას 20 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართული მთლიანად განადგურდა.

“გარეთ არავინ არ დარჩება. როგორც კი ლოკალიზება მოხდება, შევხვდებით მოსახლეობას; არცერთი ადამიანი გარეთ არ დარჩება და ხვალიდან უკვე დავიწყებთ ყველაფრის შეფასებას. გამგეობა და მერია დავეხმარებით ყველანაირად,” – აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.

როგორც სახანძრო–სამსაშველო სამსახურის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, ერთი მეხანძრე–მაშველი დაშავდა, ხოლო დაზარალებულთაგან ყველა უვენბლად გამოიყვანეს შენობიდან. მათი თქმით, ამ დროისთვის აღარ არსებობს ხანძრის გავრცელების საშიშროება:

“ხანძარი თავდაპირველად გაჩნდა შენობის სახურავში, თუმცა მალევე მოიცვა ბოლო სართული. დაახლოებით, დამწვარია 2000 კვადრატული მეტრი. შენობის ნაწილის ჩამოშლის შედეგად, დაშავდა მხოლოდ ერთი მეხანძრე–მაშველი, რომელიც დამცავმა ჩაფხუტმა იხსნა და გადაყვანილია საავადმყოფოში. მეხანძრე–მაშველებმა შენობიდან ყველა ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.”

ხანძარი ჩიტაიას N20–ში ხანძარი, დაახლოებით, 17:00 საათზე გაჩნდა. როგორც 112–ში აცხადებენ, 8 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა ადგილზე 7–8 წუთში მივიდა, მოგვიანებით კი მათი რაოდენობა 20–მდე გაიზარდა. ადგილზე ასევე იმყოფებიან სასწრაფო–სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის არაერთი ჯგუფი. მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის კერების ლოკალიზებას.

პოლიციას გადაკეტილი აქვს როგორც ჩიტაიას, ასევე კლდიაშვილის ქუჩები. უშუალოდ შენობის მიმდებარე ტერიტორია კი გამაფრთხილებელი ლენტით არის შემოფარგლული და უსაფრთხოების მიზნით შიგნით არ უშვებენ მოქალაქეებს, მათ შორის, ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და მედიას. როგორც ჩიტაიას N20-ში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, მესამე სართულზე, დაახლოებით, 20–მდე ოჯახი ცხოვრობდა.

ნეტგაზეთი საათზე მეტხანს პირდაპირი ეთერით აჩვენებდა იმას, თუ რა ხდებოდა ჩიტაიასა და კლდიაშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნახეთ, როგორ ცდილობდნენ მეხანძრე–მაშველები ხანძრის ჩაქრობას:

მასალების გადაბეჭდვის წესი