ახალი ამბები

პარლამენტმა საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს დაუბრუნა

10 მარტი, 2017 • 30497
პარლამენტმა საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს დაუბრუნა

დღეს, 10 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმად, საფინანსო სექტორზე ზედამხედველობა 2015 წელს შექმნილი სააგენტოდან ისევ ეროვნული ბანკის კომპეტენციას უბრუნდება.

“ეროვნული ბანკის შესახებ”კანონპროექტი პარლამენტმა 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. პარლამენტმა ასევე ერთხმად დაამტკიცა მისგან გამომდინარე ცვლილებები 15 კანონში.

2015 წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” შესული ცვლილების თანახმად, ეროვნულ ბანკს გამოეყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა.

აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია, თავად ეროვნული ბანკი და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ამის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა ეს კანონი, რომლის ერთ-ერთი ავტორი იყო ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური, მაინც მიიღო.

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.  ამის შემდეგ, კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2015 წლის 12 ოქტომბერს სასამართლომ  სარჩელი განსახილველად მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა შეაჩერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი