ახალი ამბებიხელოვნება

შეუზღუდავი შესაძლებლობების ქორეოგრაფია – “ქენდუკო” მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

11 მარტი, 2017 • 6068
შეუზღუდავი შესაძლებლობების ქორეოგრაფია – “ქენდუკო” მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც ბრიტანული ინკლუზიური ცეკვის კომპანია “ქენდუკოს” წარმოდგენა მაყურებელზე ტოვებს გაოცებისა და მოულოდნელობის ეფექტია, რადგან სცენაზე თანამედროვე ქორეოგრაფების მიერ შექმნილ ცეკვებს სხვა შემსრულებლებს შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოცეკვავეებიც ასრულებენ.

“თავდაპირველად მაყურებელს ყოველთვის აოცებს წარმოდგენა, რადგან აქამდე შეიძლება არ უნახავთ, ან არ იციან, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანიც შესაძლებელია ცეკვის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ასრულებდეს,” – ამბობს “ქენდუკოს” სამხატვრო ხელმძღვანელი.

ცეკვის კომპანია თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენებს 11 და 12 მარტს გამართავს.

“ქენდუკო” წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ინკლუზიური ცეკვის კომპანიის ჩამოყალიბების იდეა ლონდონის თანამედროვე ცეკვების სკოლის სტუდენტს სელესტ დანდეკერს ეკუთვნის. დანდეკერმა ერთ-ერთი პერფორმანსის დროს ხერხემლის მძიმე ტრამვა მიიღო, რაც ნიშნავდა, რომ იგი ცეკვას ვეღარ შეძლებდა. თუმცა სელესტ დანდეკერისთვის ეტლს ხელი არ შეუშლია გაეგრძელებინა ცეკვა – მან 1990 წლიდან ადამ ბენჟამინთან ერთად ექსპერიმენტული ცეკვების დადგმა დაიწყო. სწორედ ეს გახდა “ქენდუკოს” პირველი ჩანასახი. ამის შემდეგ კომპანიამ მრავალი ცნობილი თეატრის სცენა დაიკავა და არაერთი ჯილდო მოიპოვა. 2012 წელს კი ზაფხულის პარაოლომპიური თამაშების დახურვის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

"მარათონი", ლონდონის თანამედროვე ცეკვების სკოლა. ფოტო: 1992

“მარათონი”, ლონდონის თანამედროვე ცეკვების სკოლა. ფოტო: 1992

სტინა ნილსონი უკვე 17 წელია “ქენდუკოს” მოცეკვავეა და 10 წელია, რაც დასის თანა სამხატვრო ხელმძღვანელია. ამჟამად, კომპანიაში სულ 7 მოცეკვავეა. როგორც ნილსონი ამბობს, მათი ყოველი დადგმის მთავარი მიზანი მოცეკვავეების სხეულის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა და საზოგადოებაში შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებით გაჩენილი სტერეოპიტების რღვევა.

“მაგალითად, თბილისში ალექსანდრე უიტლის დადგმას შემოგთავაზებთ. უიტლი იმის მიუხედავად, რომ კლასიკური ბალეტის ქორეოგრაფია, “ქენდუკოსათვის” მომზადებულ დადგმაში არ იყენებს კლასიკურ, პროფესიულ ბალეტს – ეს არის თანამედროვე ცეკვა, რომელშიც ის ცდილობს იკვლიოს ადამიანის სხეულის შესაძლებლობები. ამ წარმოდგენაში იხილავთ ერთ-ერთ მოცეკვავეს, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და სოლო ნაწილს შეასრულებს. ქორეოგრაფი ცდილობს მაქსიალურად დაგვანახოს რა შეუძლია მას და რას გვთავაზობს ის მოცემულობა, რომელშიც მოცეკვავე ცხოვრობს,” – ამბოს სტინა ნილსონი.

11-12 მარტს თბილისში, კოტე მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე “ქენდუკო” ორ ქორეოგრაფიულ დადგამას წარმოადგენს: “ჩართვა და გადართვა/გადართვა” და “მზერა”.

“წარმოდგენის პირველი ნაწილი ძალიან თბილ ფერებშია გადაწყვეტილი, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც პირველად 1983 წელს დაიდგა და ახლა მის ადაპტირებულ ვერსიას წარმოვადგენთ, უფრო მკაცრია. მასში ნაცრიფერი და მინიმალიზმი დომინირებს. მიზეზი კი იმისა, თუ რატომ არის ეს პროგრამა ასე შექმნილი არის, რომ გიჩვენოთ რამდენი სხვადასხვა ხერხი არსებობს ცეკვისათვის. მაყურებელი, როდესაც პირველად ხედავს შეზღუდული შესაძლებლობის მოცეკვავეს, მას ექმენა წარმოდგენა, რომ მას მხოლოდ ასე შეუძლია ცეკვა, მაგრამ მეორე ნაწილში ჩვენ ვცდილობთ ვუჩვენოთ მათ კიდევ უფრო განსხვავებული მიდგომა და დავანახოთ, რომ ყველა სხეულს შეუძლია სხვადასხვანაირად მოძრაობა,” – ამბობს ნილსონი.

"ქენდუკოს" წარმოდგენა ფოტო: Photolure

“ქენდუკოს” წარმოდგენა ფოტო: Photolure

“ქენდუკოში” გარდა იმისა, რომ დგამენ ცეკვებს იმისათვის, რომ შეუზღუდავი და შეზღუდული შესაძლებლობების მოცეკვავეებმა თანაბრად შეძლონ მონაწილეობის მიღება, ასევე მართავენ სპეციალურ ვორქშოპებსა და ტრენინგებს შშმ პირებისათვის; მოცეკვავეების შესარჩევად კი ატარებენ ღია შესარჩევ ტურებს.

“ქენდუკოში” 3 რამის გაკეთებას ვცდილობთ: გიჩვენებთ შესანიშნავ წარმოდგენას, ვასწავლით შშმ მოცეკვავეებს ცეკვას და შემდეგ ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ, რათა შევცვალოთ არსებული დამოკიდებულებები საზოგადოებაში. თუ არ შევასრულებთ პირველ ორ პუნქტს, არ მგონია, რომ მესამე ნაწილი შედეგს გამოიღებს. მაყურებელმა უნდა ნახოს წარმოდგენა, რათა მათი შეხედულებები შეზღუდულ შესაძლებლობებზე შეიცვალოს,” – ამბობს სტინა.

ნილსონის თქმით, მაყურებელმა დიდ ბრიტანეთში გაოცების ეფექტი უკვე დაძლია და ახლა ქორეოგრაფიისა და მოცეკვავეების პერფორმანსის შეფასება დაიწყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ მაყურებელში წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის ცეკვა, ვის შეუძლია ცეკვა და ვის შეუძლია მოირგოს გამოხატვის ეს ფორმა იცვლება. ეს კომპანიის რიგით მეორე ვიზიტია თბილისში, ამიტომ ელიან, რომ აუდიტორიაში იქნებიან ისეთებიც, რომლებიც მათ ცეკვას უკვე მეორედ ნახავენ და ახლა გაოცების ნაცვლად, ხელოვნებას შეაფასებენ.

“ყოველი ქორეოგრაფიული დადგმა ადამიანების შინაგან სამყაროს და მათი სათქმელის ძიებაა. როდის აღმოაჩენს ამას მაყურებელი – პირველივე ნახვისას, მეორე ნახვისას, თუ საერთოდ ვერ გაიგებს, ამისი წინასწარ განსაზღვრა რთულია. თუმცა არიან ქვეყნები, სადაც აუდიტორიაც  მუდამ მზადაა სიახლისათვის.”

“ქენდუკო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. ამიტომ თეატრისათვის არამარტო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცეკვის კომპანიის მასპინძლობაა მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ეს კომპანია მუდმივად ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა ადამიანებს არ უნდა გააჩნდეთ,” – ამბობს მარჯანისვილის თეატრის მენეჯერი ეკატერინე მაზმიშვილი.

"მბრუნავი 20" ფოტო: Hugo Glendinning, 2011 წ.

“მბრუნავი 20” ფოტო: Hugo Glendinning, 2011 წ.

“ქენდუკოს” წარმოდგენები თბილისში ბრიტანეთის საბჭოს ახალი პროგრამის საწყისი ეტაპია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანებს პროფესიული განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის და ახალი ნაწარმოებების შექმნის საშუალებას მისცემს. საბჭოში იმედოვნებენ, რომ პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში შეძლებენ აღმოაჩინონ და ხელი შეუწყონ შშმ ხელოვანებს და მათ სახელოვნებო ასპარეზზე გამოსვლას.

როგორც ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე ამბობს, საბჭოს სურს პროექტის დახმარებით შესაბამისი კანონმდებლობის გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს:

“გეგმები საკმაოდ ამბიციურია მსგავსი პროექტისათვის, მაგრამ პროექტი გაგრძელდება და მის ფარგლებში დაიგეგმება უფრო მეტი აქტივობა. მათ შორის, განხორციელდება ინკლუზიური ხელოვნების სექტორის კვლევა, ” – ამბობს ფურცელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი