ახალი ამბები

უცნობია, როდის დაიბარებს შსს მერაბიშვილს დაკითხვაზე

2 დეკემბერი, 2012 •
უცნობია, როდის დაიბარებს შსს მერაბიშვილს დაკითხვაზე

გუშინ, 1 დეკემბერს, შსს სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება გაგრძელდა და განმეორებით დაიკითხება საქმეში მონაწილე უკლებლივ ყველა პირი, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის თანამშრომლები და ყოფილი პრემიერი მერაბიშვილი.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და მერაბიშვილთან ერთად დელეგაციაში მყოფი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ მას არ მისვლია დაკითხვასთან დაკავშირებით შესაბამისი ცნობა. პარლამენტარ ირმა ნარიდაშვილის ცნობით კი, დაკითხვაზე გამოძახების ცნობა, მისი ინფორმაციით, არავის მისვლია. 

გუშინვე შსს სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ “მერაბიშვილი გამოცხადდა დაკითხვაზე, თუმცა პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებს. მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი. მან სცადა უარეყო გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილი ფაქტები”.

 

პირველ დეკემბერს, საღამოს ექვს საათზე ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე  ორთაჭალაში, სამინისტროს ძველი შენობის გვერდით მდებარ ე.წ. მეთორმეტე ოთახში დაიბარეს.

 

შს სამინისტრო აცხადებს, რომ 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვიზიტის შეფერხების თავიდან აცილების მიზეზით, “ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.დღეს, ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.”-აცხადებს სამინისტრო.

 

“ჩვენ გუნდს მუქარით, შანტაჟით, დაჭერებით ვერ შეგვაშინებს და ხელს არ აგვაღებინებს, რომ შევწყვიტოთ ბრძოლა საქართველოსთვის. მზად ვარ მივიდე ნებისმიერ ადგილას, გავცე ნებისმიერ კითხვას პასუხი,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შს სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში მისვლამდე ყოფილმა პრემიერ მინისტრმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი