პარლამენტმა დაავადებული ხეების ჭრაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

დღეს, 10 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 84 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატ დავით სონღულაშვილის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმად ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებული ხეების ჭრის პროცედურა მარტივდება.

“ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზეარსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის თანახმად,   მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების ან/და მათზე მშენებლობის განხორციელების დროს, აგრეთვე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვებია: დაავადებული (რომლის განკურნებას შეუძლებელია), ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული (ამორტიზირებული) და ავარიული ხეების არსებობისას, ასევე ასეთი ხეების შესაძლო წაქცევით ადამიანის სიცოცხლის და/ან ჯანმრთელობისათვის, ასევე სხვისი კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის საფრთხისა და ზიანის შესაძლო მიყენების თავიდან აცილების მიზნით.  ცვლილებების მიხედვით, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაინტერესებული პირი თავისუფლდება საკომპენსაციო ღონისძიებებისგან.

პროექტით, ზეხმელი ხე არის ზრდაშეწყვეტილი, ზეზემდგომი გამხმარი ხე. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია. ფაუტი ხე არის  ფუტურო, დამპალი და შემდეგ გამომშრალი (გამოფიტული) ხე, რომელსაც დაკარგული აქვს მერქნის თავდაპირველი სტრუქტურა და სიმკვრივე. ხოლო, გადაბერებული ხე – სწრაფმოზარდი სახეობების მწიფე და გადაბერებული ხე, რომელსაც მიღწეული აქვს საამორტიზაციო ხნოვანება (ვერხვი, აკაცია, ტირიფი 40-50წ.)

ჭრა ასევე დასაშვებია  სამშენებლოდ გამოსაყენებელი ტერიტორიის ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული (ამორტიზირებული) და ავარიული ხეებისაგან ტერიტორიის გამოთავისუფლების მიზნით. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ატარებს საკომპენსაციო რგვებს ან იხდის საკომპენსაციო რგვებისათვის საჭირო თანხას.

პროექტიანახმად,  სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს ხდის მშენებლობის განხორციელებას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიების – აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდის შემდგომ.

ხოლო, თუ მიწის ნაკვეთზე განლაგებული მწვანე ნარგავები უშუალოდ აზიანებს აშენებულ კონსტრუქციას. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ატარებს საკომპენსაციო რგვებს ან იხდის საკომპენსაციო რგვებისათვის საჭირო თანხას.

ინიცირებული პროექტის თანახმად,  მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს, არ დააზიანოს და ხელი შეუწყოს მის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას.  ამასთან,  მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია წერილობით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მწვანე ნარგავების დაავადების აღმოჩენის ან ამ ნარგავების მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე სხვისი საკუთრებისათვის ზიანის მიყენების მოსალოდნელი (შესაძლო) საფრთხის შესახებ.

” ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურებულია მწვანე ნარგავების მდგომარეობა შესაბამისი უფლებამოსილებისა და გამოცდილების მქონე პირ(ებ)ის მიერ და ამოწურულია გარემოზე და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების თავიდან აცილებისა და შერბილების ღონისძიებები,” – აღნიშნულია კანონპროექტში.

ამავე პროექტით,   ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემი ორგანო/სამსახური, ნებართვის გაცემის წესი და პირობები დგინდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ;

მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი პირისათვის საჭირო კრიტერიუმებსა და პირობებს ასევე  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განსაზღვრავს.

2016 წლის 19 დეკემბერს კომპანიამ  “M² უძრავი ქონება” საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება სთხოვა,  რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრის საკითხის დარეგულრებას ეხება. მეორე დღეს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა საკანონმდებლო წინადადების ინიცირებას მხარი დაუჭირეს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.