ახალი ამბები

შაშკინი ფეისბუკზე წერილს ‘განცხადება მორიგ ბრალდებაზე’ აქვეყნებს

1 დეკემბერი, 2012 •
შაშკინი ფეისბუკზე წერილს  ‘განცხადება მორიგ ბრალდებაზე’ აქვეყნებს

“მიუხედავად იმისა, რომ ეს შესყიდვა ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში განხორციელდა, პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ და ვთვლი, რომ ყველა ბრალდებას და შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ.”-აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

“რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა განიცადეს დიდი დანაკარგი, როგორც პირადი შემადგენლობის, ასევე შეიარაღების კუთხით. მტერმა საქართველოს ბაზებიდან მოიპარა და გაზიდა არა მხოლოდ უნიტაზები და ლეიბები, არამედ იარაღიც. ომის შემდეგ მწვავედ დადგა სკითხი იმისა, რომ შექმნილიყო შინაარსობრივად ახალი ტიპის რეზერვი. ზუსტად რეზერვისთვის იყო შესყიდული ბრალდებაში ნახსენები იარაღი. მოგეხსენებათ M4 ტიპის ნატოს სტანდარტის საბრძოლო შაშხანა ხარისხით ბევრად უკეთესია AK (კალაშნიკოვის) იარაღზე, თუმცა M4 უფრო რთულად მოსავლელია და სპეციალურ მომზადებას ითხოვს. სამხედრო ექსპერტებმა გვირჩიეს რეზერვისთვის სწორედ AK ტიპის იარაღი შეგვესყიდა, რადგანაც რეზერვში მყოფ ჯარისკაცებს საომარ ვითარებაში გაადვილებოდათ იარაღის მოვლა, ადვილად აეთვისებინათ მისი მოხმარების წესები და რაც მთავარია, პარტიზანული ბრძოლების შემთხვევაში მტრის ტყვია–წამლის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონოდათ. (მოგეხსენებათ, რომ რუსეთის არმია შეიარაღებულია AK შაშხანებით).ეს შესყიდვა განხორციელებული იყო ეგრეთ წოდებულ „თეთრ ბაზარზე“, აბსოლუტურად კანონიერად. არსებობს ინფორმაცია გამყიდველზე და თუ ვინმე ფასის საკითხით დაინტერესდება, ეს ძალიან ადვილად გადასამოწმებელი ინფორმაციაა, რადგან იარაღის „თეთრი“ ბაზარი არის მკაცრად გაკონტროლირებული და რეგლამენტირებული.მე აქვე მინდა დავასწრო მოვლენებს და მოსახლეობას ავუხსნა (რადგანაც ველი რომ ამას უკვე მე დამაბრალებენ) რომ ჩემი ხელმოწერით იყო განხორციელებული M4 ტიპის საბრძოლო შაშხანების შესყიდვა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მიემგზავრებოდნენ ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ჯარისკაცებს მოუწევდათ სხვისი ნახმარი იარაღით ბრძოლა, რაც ჩემი ღრმა რწმენით აბსოლუტურად მიუღებელია. ამ შემთხვევაშიც როგორც ფასი, ისე გამყიდველი არის სრულიად საჯარო და ინფორმაცია ამის შესახებ მიეწოდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ შეიარაღების შესყიდვის მონიტორინგს”,-აცხადებს დიმიტრი შაშკინი თავის წერილში

მასალების გადაბეჭდვის წესი