ახალი ამბები

კრიზისი თვითმმართველობებში

1 დეკემბერი, 2012 •
კრიზისი თვითმმართველობებში

„ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებიდან, ადგილობრივი მოქალაქეებიდან მოდის“, – ასე პასუხობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ბოლო დღეების მანძილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელების მიმართ განხორციელებულ სხვადსხვა ზეწოლის ფაქტებზე. მინისტრის თქმით, ამ პროცესებთან მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურას არანაირი კავშირი არა აქვს.

 

„ჩემი ღრმა რწმენით, ეს პოლიტიკური დუღილის პროცესი ჩაწყნარდება და ეს რეფორმის განხორციელებას ხელს არ შეუშლის“, – განუცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას.

მინისტრის მსგავსად არ ფიქრობს საქართველოში ერვოკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, რომელიც პრობლემაზე ღიად საუბრობს და მინიშნებას აკეთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველბის არჩევნები 2014 წელს იმართება.

„ეს არ არის გასართობი ჩვენთვის, ეს მძიმე პროცესია და იმედს ვიტოვებ, რომ მასში მონაწილე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ. საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადშია დაგეგმილი და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს“, – განუცხადა დღეს, 30 ნოემბერს, ჟურნალისტებს ფილიპ დიმიტროვმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია თევდორაძე „ნეტგაზეთს“ იმ ფაქტებზე ესაუბრა, რომელიც მისი აზრით ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით ხდება.

„მარტვილში აბსოლუტურად გაუგებარი ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მოახდინეს გამგეობის შენობის პიკეტირება და ფაქტიურად ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება არ მისცეს მარტვილის თვითმმართველობას. ამას მოჰყვა ხონის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება, რომელიც პოლიტიკური ზეწოლის ელფერს ატარებდა. დღეს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შევიდა ხონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში. ძალიან მწვავე ფაქტი იყო ზესტაფონის გამგებლის, კახა გეწაძის დაკავება, რომელიც ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა“, – განუცხადა გია თევდორაძემ „ნეტგაზეთს“. თევდორაძის თქმით, გეწაძის დაკავება 1.5 წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო „გაუგებარია“, რადგან ამ ფაქტთან დაკავშირებით მან ბოლო 1.5 წლის მანძილზე გამოძიებას ჩვენებაც მისცა, ქვეყნიდანაც რამდენჯერმე გავიდა და შემოვიდა.

 

„პროკურატურა არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სტრუქტურა, რომელიც ძალიან ეფექტურ იარაღად იქცა თვითმმართველობებზე ზეწოლის განსახორციელებლად ივანიშვილის ხელში. თვითმმართველობების ნორმალური ფუნქციონირება ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი და მე არა მგონია, ეს ზეწოლები თვთმმართველობებისთვის არ იყოს ხელის შემშლელი, მით უმეტეს, თვითმმართველობებს 24 დეკემბრამდე შემდეგი წლის ბიუჯეტი აქვთ მისაღები და ამაზე საკმაოდ შრომატევადი და კრეატიული პროცესი მიმდინარეობს . ეს არის, რა თქმა უნდა, ორკესტრირებული პროცესი, რომლის საბოლოო მიზანიც თვითმმართველობების ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის ხელში გადასვლაა. ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება პლურალიზმის იდეებს და მრავალპარტიული მმართველობა ეს არის დემოკრატიის განსახიერება და ჩენ ვფიქრობდით, რომ სწორედ ამ იდეის მომხრე იქნებოდა ახალი ხელისუფლება. მე მგონია, რომ ამან შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს“, – აცხადებს გია თევდორაძე. მისივე მოსაზრებით, „სავალალო შედეგი“ იქნება ის, რომ თვითმმართველობები ვერ შეძლებენ ბიუჯეტის ეფექტურ დაგეგმვას და ზოგადად პრობლემები შეექმნებათ მუშაობის კუთხით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ საუბრობენ სამართალდამცავთა უმქომედობაზე, რაც, მათი აზრით, განსაკუთრბეით გამოიკვეთა მარტვილის ინციდენტისას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ქონების დაზიანების ფაქტზე, თუმცა, დაკავებული არავინაა.

 

ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალაში, რომელიც ცენტრალური ტელეარხებით გავრცელდა, კადრში ჩანან ადამიანები, რომლებიც ახდენენ მარტვილის გამგეობის შენობის პიკეტირებას.

 

„როდესაც პირველი მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა სამტრედიაში, თეთრიწყაროში და სხვა მუნიციპალიტეტებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, მათ შორის სამართლიანმა არჩევნებმაც განაცხადეს, რომ ნებისმიერი ფორმით ზეწოლა ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ და ამ ფორმით ცვლილებების განხორციელება არის მიუღებელი. ადგილობრივი თვითმმართველობა არის სრულიად განყენებული ინსტიტუტი, ის რეგულირდება ცალკე კანონით, კონსტიტუციით და, შესაბამისად, იქ ხელისუფლება არის არჩევნების გზით მოსული. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მსგავსი ტიპის ზეწოლა ხდება, ეს არის მიღებელი. მიუხედავად ჩვენი მსგავსი მოწოდებისა, ჩვენ ვნახეთ მარტვილში განვითარებული მოვლენებიც, რომელმაც ძალადობრივი ფორმები მიიღო და ამასთან დაკავშირებით კიდევ გავაკეთეთ განხცხადება. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტმა ნინო რიჟამაძემ.

 

კითხვაზე, არის თუ არა ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი და რა უნდა გააკეთოს ცენტრალურმა მთავრობამ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ნინო რიჟამაძე პასუხობს, რომ პირველ რიგში სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხებით, კონკრეტულად ვინ ახორციელებს ადგილობრივ თვითმმართველობებზე მსგავსი სახის არასამართლებრივ ზეწოლას.

 

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მთელი სიმწვავით დაგვანახა , რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში გასატარებელია ძირეული რეფორმა, მერები და გამგებლები უნდა იყვნენ არჩევითი და მათ მიმართ ნდობის ხარისხი იქნება მაღალი. ვიმედოვნებთ, რომ თუ ჩატარდება მსგავსი რეფორმა, ეს თავიდან აგვაცილებს მსგავს კრიზისებს“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტმა ნინო რიჟამაძემ.

 

მისივე თქმით, მარტვილში მიმდინარე პროცესებში იყო სამართალდარღვევის ნიშნები და დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო ამ უკანონო ქმედებების გამოძიება და იმ პირების პასუხისგებაში მიცმა, ვინც ამ მოვლენებში მონაწილეობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი