ახალი ამბები

მიტროპოლიტი იოანე: ჩემზე არ მიგრძვნია შორენა თეთრუაშვილის გავლენა

9 მარტი, 2017 • 4585
მიტროპოლიტი იოანე: ჩემზე არ მიგრძვნია შორენა თეთრუაშვილის გავლენა

“შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის მდივანია და რაც ევალება, იმას ასრულებს. მე ჩემზე არ მიგრძვნია მისი გავლენა, მე განათლების ცენტრს განვაგებ და მისი გავლენა არ გამიგია”, – ასე გამოეხმაურა წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის თავმჯდომარე. რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე (ცაავას) განცხადებებს, რომლის მიხედვით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი “განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობს” და დაპირისპირების მთავარი წყაროა საპატრიარქოში.

“მეუფე პეტრეს რაიმე ისეთი არგუმენტი არ მოუყვანია, მსჯელობა მარტო ემოციურ სიტყვებზე ძნელია”, – აცხადებს მიტროპოლიტი იოანე.

შეკითხვაზე – არსებობს თუ არა საპატრიარქოს შიგნით კლანები? – მიტროპოლიტი აცხადებს:

“კლანები ცოტა უცნაური სიტყვაა. თქვენ ყველას სკოლაში და ინსტიტუტში გისწავლიათ და არის სამეგობრო წრეები – 2-3 ადამიანი ცალკე, 5 – ცალკე, ეს კლანები ხომ არაა?! ესაა პირადი ურთიერთობა, ვიღაცა მეგობრობს და ვიღაცა ნაკლებად მეგობრობს. საპატრიარქოში დაპირისპირება არაა, აზრთასხვაობა შეიძლება იყოს”.

მიტროპოლიტის თქმით, მას არ აქვს საფუძველი არ ენდოს პროკურატურის მიერ 8 მარტს გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, რომელიც ასახავს დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის ფარულად ჩაწერილ საუბრებს. ჩანაწერში დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს თხოვს ციანიდის შოვნას, ასევე, დეკანოზი საუბრობს, რომ შორენა თეთრუაშვილი “დასაბრედია” და ის “მარილზე უნდა გაუშვან”.

მიტროპოლიტის თქმით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რამდენად აუთენტურია ეს ჩანაწერები: “ეს ჩემ კომპეტენაციას აღემატება. მე მამა გიორგის ფაქტობრივად არც ვიცნობ, 2-3-ჯერ მყავდა ნანახი საპატრიარქოში”, – აცხადებს მიტროპოლიტი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს. მიტროპოლიტი პეტრე აცხადებს, რომ საპატრიარქოში დაპირისპირების სათავე შორენა თეთრუაშვილია, რომელსაც, მისი თქმით, “განუსაზღვრელი ძალაუფლება” აქვს.

დღეს, 9 მარტს საპატრიარქოში სინოდის რიგგარეშე სხდომა იმართება, წინასწარ უცნობია რა საკითხები განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი