ახალი ამბები

ბუტა რობაქიძის საქმეზე ზურაბ მიქაძე დააკავეს

30 ნოემბერი, 2012 • 3329
ბუტა რობაქიძის საქმეზე ზურაბ მიქაძე დააკავეს

საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და პოლიციის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისაგან თავის არიდების მიზნით ჩაიდინეს დანაშაული.

 

კერძოდ, კბილაშვილის თქმით, ზურა მიქაძემ, სხვა პირებთან ერთად, საპატრულო პოლიციის ორი მანქანით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანა შემთხვევის ადგილზე და შემდეგ, მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ეს იარაღი მტკიცებულების ფალსიფიცირების მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე და ამით შეიტანეს მათ სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში.

 

“ზურაბ მიქაძემ აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გამოძიებისათვის მიეცა ცრუ ჩვენება ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებეზე დაყრდნობით, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა MMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა კახაბერ აზარაშვილი. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები: გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ბუტა რობაქიძე.

 

აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც პატრულის დამხმარე ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე. ამ დანაშაულისათვის ბაშალეიშვილი გასამართლებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისათვის.

 

შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა ჩაუტარდათ ბუტა რობაქიძის მეგობრებს, რომელთაგან გამოძიებამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ახალგაზრდები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში  ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის. მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში დღესაც განხილვის სტადიაშია.

 

“საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ ბრალდება, რომელიც თავის დროზე წაუყენეს ზემოთ ხსენებულ ახალგაზრდებს, ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს,” – განაცხადა არჩილ კბილაშილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი