ახალი ამბები

ივანიშვილი: გვაქვს ეჭვი, რომ საზღვარგარეთ დაწერილი პასკვილები ბიუჯეტიდან ფინანსდება

30 ნოემბერი, 2012 • 1310
ივანიშვილი: გვაქვს ეჭვი, რომ საზღვარგარეთ დაწერილი პასკვილები ბიუჯეტიდან ფინანსდება

პრემიერ მინისტრის განცხადებით, საზღვარგარეთ გამოქვეყნებული სტატიები ვერ შეაჩერებენ სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას:

“სააკაშვილი მხოლოდ იმაზე გადაერთო დღეს, რომ ცრუ ინფორმაცია მიიტანოს და გაიტანოს საზღვარგარეთ. სხვათა შორის, ჩვენ ვერ მოვახერხეთ დღემდე ბოკერიას სამინისტროს იმ სამსახურის ინფორმაციის გახსნა, ბიუჯეტიდან დახარჯული აქვს 16 მილიონი და ამას ადევს გრიფით საიდუმლო, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ეს თანხები ზუსტად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ასეთი პასკვილები. ჩვენ არ ვიმოქმედებთ არც ერთი განცხადებით, რომელიც კეთდება საზღვარგარეთ. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და კარგად ვფლობთ სიტუაციას, ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება საქართველოში, ძალიან კარგად არის ინფორმირებული საქართველოს საზოგადოება და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი გვაძლევს ამის საშუალებას და ასეთი სტატიები ვერ შეაჩერებენ და ვერ შეაფერხებენ სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას. ჩვენ ვიწყებთ სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში, რაც იყო დარღვეული”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს უშიშროების საბჭოს სახელით აშშ-ში რეგისტრირებულ ორ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ 2012 წლის ივნისის თვეში გააფორმა, რაშიც ჯამში 330 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ლობისტური კომპანიისთვის გადასახდელი თანხა არ შეიცავს საქართველოს ბიუჯეტში გადასახდელ გადასახადებს.

 

შეთანხმება, კონტრაქტის მიხედვით, ერთ შემთხვევაში 2012 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო მეორე კონტრაქტის მიხედვით, 2012 წლის 19 დეკემბრამდე, უშიშროების საბჭო ლობისტურ კომპანიებს გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის. კომპანია Group Government Affairs იღებდა ვალდებულებას, რომ ის აშშ-ში აიცილებს ყველა იმ ქმედებას, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს უშიშროების საბჭოს რეპუტაციას, ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობისა და უშიშროების საბჭოს ინტერესებზე, რეპუტაციასა და აქტივებზე. მეორე ლობისტური კომპანია Prime Policy Group კი უშიშროების საბჭოს ეხმარება ადვოკატირებასა და ურთიერთობაში აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციასთან, სენატთან და სხვა ფედერალურ სააგენტოებთან სხვადასხვა საკითხებზე.

 

საქართველოს ყოფილი ხელისუფლება, როგორც წესი, ერთ ან ორ კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან ყოველწლიურად აფორმებდა.

შეგახსენებთ, რომ მეორე კრიტიკული სტატია ვაშინგტონ პოსტის მიმომხილველმა ჯენიფერ რუბინმა გუშინ, 29 ნოემბერს გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობის შესახებ კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს “ეკონომისტიც”. სტატიაში მითითებულია, რომ საქართველოში არჩევნებში გამარჯვებულებმა თავი უნდა აარიდონ იმ უკანონობას, რომლის წინააღმდეგაც თავად იბრძოდნენ, აქვე აღნიშნულია, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში მოვლენები არასწორად ვითარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი