ახალი ამბები

“აჭარის ტელევიზიის” ცნობით, დეკანოზის ოჯახს დაცვა დაუნიშნეს

8 მარტი, 2017 • 2841
“აჭარის ტელევიზიის” ცნობით, დეკანოზის ოჯახს დაცვა დაუნიშნეს

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს, სავარაუდოდ დაცვა დაუნიშნეს, ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ტელევიზიის ცნობით, მათ გადაიღეს, სამი ავტომობილი ბათუმში, დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლთან, რომლებიც სავარაუდოდ ეკუთვნის პროკურატურას. ტელევიზიის ცნობით, აღნიშნული მანქანები გუშინ, 7 მარტს, 18:00 საათის შემდეგ არიან მობილიზებული

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სახლშია გადმოყვანილი დეკანოზის დის ოჯახი და ისინი დაცვის თანხლებით გადაადგილდებიან.

“მთელი ღამე იყო დაცვა. იცავენ, არაა საშიში არაფერი”, – განუცხადა დეკანოზის ოჯახის მეზობელმა ალექსანდრე მეტრეველმა აჭარის ტელევიზიას.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა, დეკანოზის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, თუმცა დაცვის დანიშვნის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. პროკურატურა კი ამ საქმის დეტალების შესახებ არ საუბრობს, იმ მოტივით, რომ იგი სახელმწიფო საიდუმლოა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მოითხოვდა, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაცვა დაენიშნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პროკურატურას ჩვენებას აღარ მისცემდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე, პროკურატურამ 28 თებერვალს დაკითხა, ადვოკატების ინფორმაციით, დეკანოზმა ჩვენების სახით 30 თაბახის ფურცელი მისცა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

6 მარტს საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი