ნეტგაზეთი | ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია ჟურნალისტ ლაშა მესხის სამსახურში აღდგენას მოითხოვს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია ჟურნალისტ ლაშა მესხის სამსახურში აღდგენას მოითხოვს – Netgazeti
RU | GE  

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია ჟურნალისტ ლაშა მესხის სამსახურში აღდგენას მოითხოვს

ჟურნალისტთა საერთაშორისო და ევროპული ფედერაციები მოითხოვენ, რომ ჟურნალისტი ლაშა მესხი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ სამსახურში აღადგინოს.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ ლერუთი ამბობს, ლაშა მესხი პროფესიული კავშირის წევრობისა და აქტიური მუშაობის გამო გახდა ზეწოლის ობიექტი.

“პროფესიული გაერთიანების მუშაობის ეფექტურობის გამო, რომელმაც გამოწვია ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 500 თანამშრომელს გაეზარდა ხელფასები 2016 წლის ივნისში, მაუწყებლის ხელმძღვანელობის სამიზნე გახდა ჩვენი კოლეგა, ლაშა მესხი. მოვითხოვთ, მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან, რომ დაუყოვნებლივ აღადგინოს ლაშა მესხი სამსახურეობრივ პოზიციაზე და შეწყვიტოს პროფკავშირების წევრებზე ზეწოლა”, – ამბობს ფილიპ ლერუთი.

განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ დღეს, 7 მარტს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ მხოლოდ ლაშა მესხს არ გაუგრძელეს ხელშეკრულება განსხვავებით მოამბის სხვა 12 ჟურნალისტისგან.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრები მესხს ემუქრებოდნენ, იმის პასუხად, რომ იგი აკრიტიკებდა ხელმძღვანელობას არხის რეორგანიზაციის პროცესში გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების გამო, რომლებიც წინააღმდეგობაში იყო საქართველოს შრომის კოდექსთან.

“მოამბის” ჟურნალისტსა და მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელ ლაშა მესხს, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში კონტრაქტი ამოეწურა, ხელშეკრულება 7 თებერვალს აღარ გაუგრძელეს.

ლაშა მესხს “მოამბის” 12 ჟურნალისტთან ერთად გასულ თვეს ერთთვიანი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ხელშეკრულება მხოლოდ მას არ გაუგრძელდა.

1 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) შენობასთან ლაშა მესხის მხარდასაჭერად ჟურნალისტები და პროფესიული კავშირის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მისი სამსახურიდან დათხოვნა გააპროტესტეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე ამბობს, რომ მესხს იმიტომ არ გაუგრძელა კონტრაქტი, რადგან მას ჟურნალისტად ვერ ხედავს.

“მე მასაც ვუთხარი და, ცხადია, ეს დასამალი არ არის. მე მას ვუთხარი, რომ მასთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ და ასევე ვურჩიე, რომ საქმიანობის სფერო შეიცვალოს იმიტომ, რომ როგორც ჟურნალისტს, ასევე ვერ ვხედავ. იდეაში შემიძლია საერთოდ განმარტების გარეშე დავტოვო ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კონტრაქტს ვადა გაუვიდა და შემიძლია საერთოდ არაფერი ვთქვა, მაგრამ ეს არის, რაც მას ვუთხარი”, – ამბობს გვიმრძე.

რას გულისხმობს ამაში და რატომ ვერ ხედავს თანამშრომლობის გაგრძელების საშუალებას? – გვიმრაძე ასე გვპასუხობს: “თვითონ თუ დაფიქრდება როდესმე, ალბათ, მიხვდება”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com