სამინისტროს ცნობით, შსს–ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს  პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის  საფუძველზე, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში ოლეგ თ.-ის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. ჩხრეკის შედეგად  ამოიღეს საბრძოლო მასალა: ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის 6 ჭურვი, „ერგდ 5″-ის ტიპის ორი ხელყუმბარა ამფეთქებით და „ფ-1″ ტიპის ერთი  ხელყუმბარა ამფეთქით.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით: “ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა”.

 

აღნიშნული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული დაისჯება ჯარიმით, ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

 

შსს–ს მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია ეხება ტაქსისტის დაყაჩაღებას. პოლიციის ცნობით, 2012 წლის 27 ნოემბერს შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა 1987 წ.დაბადებული ხვიჩა ხ. და 1990 წ. დაბადებული გიგა ფ. დააკავეს. სამართალდამცავთა ცნობით, აღნიშნული პირები გლდანი-ნაძალადევში, წინასწარ შერჩეულ ადგილზე ტაქსის მძღოლს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ცივი იარაღით დაემუქრნენ და  120 ლარი გამოსძალეს, რის შემდეგაც  შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა ორივე პირი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, რაც 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 თბილისში, თემქის დასახლების III მკ/რ,სს V კვ, მე-13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე  სამართალდამცველებმა  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი 1983 წ. დაბადებული დარისპან კ. დააკავეს.  მას თან  პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საეჭვო ნივთიერება აღმოაჩნდა.

 

ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად სამართალდამცავებმა დადგინეს, რომ აღნიშნული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი (0,021 გრ. -დიდი ოდენობა).

 

გამოძიებას  შსს–ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმე  260 მუხლის 2 ნაწილით არის აღძრული. ბრალდებული  გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *